საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში მოისმინეს საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.
„ბიუჯეტის დაგეგმვა საკმაოდ რთულ, პანდემიის პირობებში მოხდა. შესაბამისად, ეკონომიკური მდგომარეობაც იყო ძალიან რთული, რომლის საპასუხოდ იქნა ბიუჯეტი დაგეგმილი და ნაკლებად იყო გათვალისწინებული ახალი მიმართულებები“, - განმარტა მომხსენებელმა.
მისი ინფორმაციით, გასულ წელს ეკონომიკის ზრდა უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და ეკონომიკურმა ვარდნამ შეადგინა 6,1%.
მისივე თქმით, იგივე ტენდენცია გაგრძელდა მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, თუმცა მარტში დაფიქსირდა ზრდა, ამიტომ I კვარტლის საშუალო რეალურმა კლებამ -4.2% შეადგინა.
„ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება მომდევნო თვეებშიც, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მივაღწევთ დაგეგმილ 4,3%-იან მაჩვენებელს და დიდი ალბათობით გვექნება გადაჭარბება და მაღალი ეკონომიკური ზრდა ვიდრე ბიუჯეტით იყო დაგეგმილი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე ინფორმაციით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 7.2 % შეადგინა. ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 4.8 %-ის დონეზეა.
საგარეო სექტორზე საუბრისას, მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 773.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.3 %-ით ნაკლებია; აქედან ექსპორტმა 820.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 1 952.6 მლნ აშშ დოლარი. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-მარტში 1131.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 %-ია.
მომხსენებლის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ევროკავშირია, რომლის წილი მთლიან საქონელბრუნვაში 21.6%-ს შეადგენს.
უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში აგრეთვე შედის თურქეთი (15.1%), რუსეთი (11.9%), ჩინეთი (10.5%) და აზერბაიჯანი (9.0%).
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 134.7 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 89.9 %-ით ნაკლებია.
მისივე თქმით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 53.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 87.5 %-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელზე. თუმცა, დასძინა, რომ აპრილში არის ტურისტების ზრდის ტენდენცია, ისევე როგორც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლის ნაწილში.
მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, 2021 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 343 103.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებული იქნა 3 378 227.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 101.1%.
გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 2 947 800.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულ იქნა 2 957 087.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.3%.
გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 200 038.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 201 808.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 100.9%.
სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 195 265.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 219 331.5 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 112.3%. არაფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 49 546.1 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 95.3%-ია. ფინანსური აქტივების კლებიდან მობილიზებულ იქნა 10 028.7 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 55.4%-ია.
რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტიდან დეფიციტის მაჩვენებელს, მომხსენებლის განმარტებით, გასულ წელს იყო 9,3%, რაც საკმაოდ მაღალია.
მისი თქმით, წელსაც დაგეგმილია მაღალი დეფიციტის მაჩვენებელი და ეს არის 7, 6%. 1 კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 1,1%.
მომხსენებლის ინფორმაციით, ხარჯვითი ნაწილი, ჯამში შეადგენს 18 მლრდ 384 მლნ ლარს. რომელთაგან პირველ კვარტალში ათვისების მაჩვენებელმა 4მლრდ 302 მლნ ლარი, 91,3% შეადგინა.
მომხსენებელმა პანდემიის კუთხით ბიუჯეტში გათვალისწინებულ მიმართულებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით 1 კვარტალში მიიმართა 176 მლნ ლარი, სოციალური დახმარების მიმართულებით 212 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით 150 მლნ ლარი. ჯამში პანდემიის ღონისძიებების საპასუხოდ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო 540 მლნ ლარი.
როგორც გიორგი კაკაურიძემ განმარტა, უწყებების მიხედვით, ათვისების მაჩვენებელი ჯამურად, 91%-ზე მეტს შეადგენს.
მათ შორის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ათვისების მაჩვენებელი გადაჭარბებით, 106, 4%-ით არის შესრულებული.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართულებით შესრულება არის 96,4%; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კუთხით არის 94%-ით შესრულების მაჩვენებელი.
„რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, შესრულება შეადგენს 46,6 მლნ ლარს. ეს არის დაგეგმილი მაჩვენებლის 87% თუმცა, წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, ათვისების მაჩვენებელი 26%-ზე მეტია“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული პოლიტიკის განსახორცილებლად გამოყოფილი I კვარტლის ასიგნებების ათვისება პრობლემურია.
ამასთან დაკავშირებით, გამოითქვა რეკომენდაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რომ შესაბამისმა დეპარტამენტმა გაააქტიუროს გეგმიური მუშაობა, რათა საანგარიშო წლის განმავლობაში, მიზნობრივად, ბალანსირებულად და ეფექტიანად მოხდეს დიასპორული პოლიტიკის განხორციელებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ათვისება.
„საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი - შეადგენს 87%-ს, რაც ნორმალური მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ გეგმასა და ათვისებას შორის 15%-ზე მეტი სხვაობა არ უნდა იყოს, თუმცა, პრობლემა გვაქვს დიასპორის მიმართულებით და ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, საზოგადოების ინფორმირების მიმართულებით ასათვისებელ თანხებში. ამიტომ სამინისტროს მოვუწოდებთ ამ მიმართულებებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს. თუ ამ ორ პარამეტრს არ მივიღებთ მხედველობაში, შესრულების მაჩვენებელი 95%-ზე მეტია, რაც კარგ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „2013 წლის 20 აგვისტოს „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II)“ N3 ცვლილების წერილი-შეთანხმება“ განიხილა.
წარმოდგენილი ხელშეკრულების მიხედვით, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილია 40 მლნ. ევროს ოდენობის სესხი, რომლითაც გათვალისწინებულია საქართველოს რეგიონების მასშტაბით 23 ქალაქში წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება.
დღეის მდგომარეობით ჩამოურიცხავია დაახლოებით 8,4 მლნ. ევრო.
პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოვერდრაფტის სახით ჩამოირიცხა 11,6 მლნ. ლარი, რომლის დაბრუნებაც ჯერ არ განხორციელებულა.
შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სესხის ხელმისაწვდომობის ვადა გაგრძელდეს 2021 წლის 30 ივნისამდე, ბოლო ტრანში განისაზღვროს 3 მლნ. ევროს ოდენობით, რომლითაც მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული თანხების დაბრუნება, ხოლო სესხის დანარჩენი აუთვისებელი ნაწილი გაუქმდება.