ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით და დეპუტატის ბიუროს ორგანიზებით, XX საუკუნის და თანამედროვე ქართული მხატვრობის შესახებ - „თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის“ პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნე ნინო ღაღანიძემ ხელოვნებით დაინტერესებული მსმენელის, სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლაში საჯარო ლექცია გამართა.
პროფესორ ნინო ღაღანიძესთან ერთად საჯარო ლექციას უძღვებოდა, სამხატვრო აკადემიის რექტორი, ცნობილი მხატვარი გია გუგუშვილი.
ლექციის დაწყებამდე სტუმრებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელთა ნამუშევრები მოინახულეს და უმცროს კოლეგებს პროფესიული რჩევები მისცეს.
საჯარო ლექცია შეეხო XX საუკუნეში და დღეს მოღვაწე გამოჩენილ ქართველ მხატვრებს, მათ შემოქმედებას და სოციალურ-კულტურულ კლიმატს, რომელიც ქართველი მხატვრების შემოქმედებაზე ახდენდა გავლენას.
მომხსენებლებმა თბილისის სამხატვრო აკადემიის შესახებაც ისაუბრეს, მათ დამსწრე აუდიტორიას და მომავალ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს პროფესიების შესახებ, რომლის დაუფლების შესაძლებლობა სამხატვრო აკადემიაში აქვთ.
ლექციის დასასრულს, ნინო ღაღანიძემ და გია გუგუშვილმა ხელოვნების მასწავლებლებისა და მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.
სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლები ხელოვნების მასწავლებლებს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს, თანამედროვე ქართული ხელოვნების და მხატვრობის შესახებ პრეზენტაციის სახით, სამუშაო დოკუმენტს გაუგზავნიან, სექტემბერში კი ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის ბიუროს ორგანიზებით, ლაგოდეხელი მოსწავლეები და პედაგოგები თბილისის სამხატვრო აკადემიას მოინახულებენ.