საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

მაია ბითაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა

მედია და საზოგადოება 11 Mar 2021
მაია ბითაძე საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში საქართველოს და გერმანიის მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ და საქართველოში გერმანიის რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა დღეს კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე.

მაია ბითაძის შეფასებით, ეს იყო წარმატებული და მნიშვნელოვანი შეხვედრა.

„ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა წლებია ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ ეხმარება გერმანია საქართველოს, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულებაში.

განვიხილეთ მიმდინარე პროექტები, რომელთა ფარგლებშიც გერმანიის მთავრობას დიდი დახმარება აქვს გამოყოფილი როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე სატყეო სექტორის მართვის კუთხით. ვისაუბრეთ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, მათ შორის, ურბანული გარემოსდაცვითი საკითხების მოწესრიგების მიმართულებით“, - განაცხადა მია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს ქალაქებში გარემოსდაცვით საკითხებსა და მწვანე ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივებზე. ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რაც შესაძლოა განხორციელდეს იმისთვის, რომ შეიქმნას წამახალისებელი მექანიზმები წარმოებაში საუკეთესო გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით.