„ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება „ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ისეთი ღონისძიებების გატარება, რომელიც ფიტოსანიტარიის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს, არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ქუთაისში, საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, გამართული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
მაია ბითაძემ, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, საკანონმდებლო ორგანოს, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ქუთაისის მუხნარში არსებული მდგომარეობა, განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა „იმერული მუხა” გვხვდება, უკანონო ჭრებმა, ნარჩენებით დაბინძურებამ და სხვა მსგავსმა უარყოფითმა ფაქტორებმა, რაც ათწლეულების პრობლემაა, ტყის მასივი მნიშვნელოვნად დააზიანა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოიშალა არსებული სადერივაციო არხი, რამაც გამოიწვია ტყის ნაწილობრივი დატბორვა. „ე.წ. „საღორიის ტყეში” უნიკალური კორომის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალისტების მიერ შემუშავდა კომპლექსური ღონისძიებების გეგმა, რომელიც სანიტარიულ ჭრებს, მავნებლის მიერ დაზიანებული ხეების კორომიდან გამოტანას, ნარჩენებისაგან გაწმენდას და ტყის აღდგენას მოიცავს. მინისტრის მოადგილემ ჯგუფის წევრებს გააცნო ის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, რომელთა მიზანი ამ უნიკალური კორომის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება და გაჯანსაღებაა. „ეროვნული სატყეო სააგენტო აღნიშნულ ღონისძიებებს 2017 წლიდან ახორციელებს. ტყის აღდგენის ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ჯგუფის წევრები ასევე გაეცნენ აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენის, მისი მასშტაბის გაზრდის და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსაც.
შეხვედრას იმერეთის მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.