„გუშინ საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“. ძალაში რჩება პირობა, რომ თუ 1%-იან სიყალბეს და გადახრას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, გამოძიების შედეგად ვინმე იპოვის საარჩევნო შედეგებში, ჩვენ ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ერთადერთი არგუმენტი, რაც ამის საპირისპიროდ ოპოზიციის მხრიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში ფრაგმენტულად გვესმის ხოლმე, არის ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული და გაუგონარი ვერსია, რომლის მიხედვითაც უკვე გვიანია; საუბრობენ იმაზე, რომ დოკუმენტები გასწორებულია და ა.შ.
შეუძლებელია, ამაზე განმარტება არ მოვითხოვოთ მათგან. ოპოზიციამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას - თეორიულადაც კი რა უნდა მომხდარიყო, რომ მათი ეს სპეკულაცია სიმართლეს შეესაბამებოდეს. ოპოზიციის წარმომადგენელი 11 000-ზე მეტი კომისიის წევრის ხელმოწერა შეიძლება იყოს გაყალბებული თუ ეს 11 000-ზე მეტი ადამიანი მუქარით ან მოსყიდვით ვინმემ მიიყვანა და საარჩევნო დოკუმენტაციაზე ხელი ხელახლა მოაწერინა? ან შეიძლება სხვა ვერსია ჰქონდეთ თავიანთი ამ აბსურდული არგუმენტების გასამყარებლად. ბუნებრივია, ამ არგუმენტებსაც მოვისმენთ და პასუხი გაეცემა მას.
ჩვენ ყველა ამ კითხვაზე და ამ მთავარ კითხვაზეც ველოდებით მათგან პასუხს, თუმცა აქვე მოვუწოდებთ ოპოზიციას, რომ ნუ მიაყენებენ შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებას მსგავსი ცრუ ნარატივებით და ნუ იქნებიან დაბალი წარმოდგენის ხალხზე, რომელიც ამ საზოგადოებას წარმოადგენს.
თუ მათ რაიმე ერთი არგუმენტი ერთი მაინც დარჩათ იმ ცრუ ნარატივის გასამყარებლად, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, შემიძლია კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ეს არგუმენტები წარმოადგინონ კომისიაში, თუ არა და, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას, რადგან ძალიან მწარედ მოატყუეს ის ადამიანები, რომლებიც, პირველ რიგში, მათ ამომრჩევლებს წარმოადგენენ. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ ცრუ ნარატივში აღარ ცხოვრობს იმიტომ, რომ ყველამ დაიჯერა არგუმენტებზე დაყრდნობით და იმ საუბრებზე, იმ კამათზე დაყრდნობით, რაც ჩვენსა და ოპოზიციას შორის მიდის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი ინფორმაციით, პარალელური დათვლის მონაცემები იგივეა, რაც ცესკოს მონაცემები.
„როდესაც უკვე გასწორდა და მათ უკვე თავიანთი „შეცდომა“ აღიარეს (ჩემი სუბიექტური აზრია, რომ სიყალბე აღიარეს), ამის შემდეგ პარალელური დათვლის და ცესკოს მონაცემები პრაქტიკულად ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.