საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრები - პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრს ტიტუს კორლატეანს, კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილეს, ბას კლეინს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდნენ.
შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართა, რომლის დასრულების შემდეგ პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე კომენტარი გააკეთეს.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, არსებული გარემოებები, ამ გარემოებების შექმნის წინაპირობები, ვისაუბრეთ სასამართლო სისტემაზე და რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო საარჩევნო სისტემასაც, რომელსაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, პრაქტიკულად ყველა დელეგაცია, და მომხსენებლებიც მიესალმებიან ორი მხარის შეთანხმებას. საკითხის განხილვისას საუბარი არ იყო იმაზე თუ რომელმა პოლიტიკურმა პარტიამ მეტი ან ნაკლები ძალისხმევა გამოიჩინა. მათი დამოკიდებულება გამომდინარეობს საზოგადოების და საქართველოსთვის საგანგებო მნიშვნელობის მქონე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის და განმტკიცებისთვის. რასაკვირველია, არის თემები, რომლებიც გამოიწვევს პოზიციათა სხვაობას, მაგალითად ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შეუსრულებლობა, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას აკეთებდა, თუმცა ჩვენი მხრიდან, ამასთან დაკავშირებით, განმარტებები გაკეთდა. არის საკითხები, რომლებზეც ჩვენი და ჩვენი ოპონენტების პოზიციები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და ამ თემებზეც გვქონდა შეხვედრაზე საუბარი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
„დახურულ შეხვედრაზე ჩვენს პარტნიორებთან იყო გულწრფელი, ღია საუბარი. ჩვენთან შემხებლობაში იყო კონკრეტულად ის პროცესი, რამაც განაპირობა პროპორციულ სისტემაზე შემოტანილი კანონმდებლობის პარლამენტში ჩაგდება, რისი ორგანიზატორიც გახლდით მე და ჩემი თანამოაზრეები. ჩვენ გავაცანით პრეისტორია თუ როგორ განვითარდა ეს პროცესი, რამ განაპირობა და რა შედეგიც დადგა ეს სახეზეა. ასევე დავაფიქსირეთ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ბოლომდე არ არის ჩვენთვის მისაღები, მაგრამ შეუთანხმებლობას შეთანხმება ყოველთვის სჯობია“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.