საპარლამენტო ფრაქციების: „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მედლინ მუნს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები მიმოიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებს და მის პერსპექტივებს.
„ასეთ შეხვედრებზე „ევროპული საქართველოს“ მთავარი გზავნილი ყოველთვის არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების საკითხის აწევა საერთაშორისო დღის წესრიგში. როცა ევროკავშირი და აშშ გააფართოებენ რუსეთზე დაკისრებულ სანქციებს მნიშვნელოვანია, რომ იქ აისახოს საოკუპაციო ხაზის გადმოწევის და ზოგადად ოკუპაციის საკითხი. ასევე მნიშვნელოვანია სანქციების პაკეტში მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ საკითხები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრაქციის წევრმა, გიორგი კანდელაკმა.
მედლინ მუნთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, სერგი კაპანაძე და პარლამენტის წევრები: ირაკლი აბესაძე და გიორგი კანდელაკი დაესწრნენ.