ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი დავით ქოჩიაშვილი, ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელ ნიკოლოზ ნანუაშვილი და ამავე ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი შავლეგ მიშველაძე. მცირე ბენზინგასამართ სადგურებს წარმოადგენდნენ ზაალ იაკობიძე („სენტა ოილი“), გიორგი კაპანაძე („ოქსოილი“) და მალხაზ საღირაშვილი („ეკოპეტროლი“);
შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს გააცნო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებები სხვა საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, საქართველოს კანონში „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების ზოგიერთი საშუალების მშენებლობის, ფუნქციონირების, მომსახურების, შეკეთებისა და ექსპლუატაციის და ამ საშუალებებით ნავთობის იმპორტის, ტრანსპორტირების, შენახვისა და ექსპორტის სამართლებრივი პრინციპების შესახებ“. საუბარი შეეხო „მეწარმეთა შესახებ“ მოქმედი კანონით განსაზღვრული ცნების, „საწესდებო კაპიტალის“ სახელწოდების ჩანაცვლებას ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ახალი ტერმინით - „განთავსებული კაპიტალი“. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოცემული კანონპროექტებიდან არც ერთი ითვალისწინებს ცვლილებას ნავთობის რეალიზაციის სექტორში მომუშავე საწარმოებისთვის საწესდებო კაპიტალთან დაკავშირებით რაიმე ვალდებულების გაჩენის თვალსაზრისით. მონაწილეთა მხრიდან აღნიშნული საკითხის დაზუსტების ინტერესი უკავშირდებოდა ა.წ. 17 აპრილს, ერთ-ერთი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას.
ღონისძიების დასრულების შემდეგ კომიტეტების თავმჯდომარეებმა შეხვედრაზე განხილული საკითხების მნიშვნელობა შეაფასეს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დაინტერესებულ პირებს „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონპროექტზე დამატებითი ინფორმაცია გავაცანით. საუბარი გვქონდა უშუალოდ სექტორთან მიმართებაში რა გავლენა შეიძლება ქონდეს საკანონმდებლო ცვლილებებს და მინდა ავღნიშნო, რომ ძირითადი აქცენტი მხოლოდ სექტორის ხელშეწყობასა და მის გაუმჯობესებაზეა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საკანონმდებლო განხილვის პროცესში ჩართულობა შევთავაზეთ, სადაც მათ საკუთარი მოსაზრებების, შეხედულებების და რეკომენდაციების გაზიარების საშუალება ექნებათ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, კანონპროექტი და მასში ასახული ცვლილებები ბიზნესსექტორის საქმიანობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
„კანონპროექტი მომზადდა იმისთვის, რომ გააუმჯობესოს ბიზნესსექტორის საქმიანობა, შესაბამისად დღევანდელმა შეხვედრა ეს მიდგომა კიდევ ერთხელ დაადასტურა. სამწუხაროდ, დღევანდელ დღეს, როდესაც დეზ ინფორმაციული ამბები ვრცელდება, სექტორისთვის არასწორი ინფორმაცია იყო მიწოდებული, რაც ხელისუფლების მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას ისახავდა მიზნად. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი გუნდი არის პრო ბიზნესის მხარეს, რათა მოხდეს ეკონომიკის გაჯანსაღება და შესაბამისად, კანონპროექტიც მომზადებულია ისე, რომ ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება მოხდეს“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.