პარლამენტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტების განხილვის დასრულების შემდეგ ტრიბუნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ დაიკავა, რომელიც პარლამენტის წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარდგა.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის კოვიდპანდემია, ვაქცინაცია, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ერთიანი სატარიფო პოლიტიკა, ექიმთა შრომითი უფლებები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მინისტრის თქმით, გლობალური გამოწვევის - კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ პერიოდის განმავლობაში იყო ბევრი გამარჯვებაც და არაერთი მარცხიც.
„ჩვენი პროფესიონალი ექიმების დიდი ძალისხმევით 300 000-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა. სამწუხაროდ გარდაიცვალა 4 000 მოქალაქე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დანაკარგია. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრს შემიძლია დანამდვილებით განვაცხადო, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია და მიღებული გამოცდილებით აუცილებლად შევძლებთ სათანადო პასუხი გავცეთ პანდემიის სირთულეებს“, - განაცხადა მან.
ეკატერინე ტიკარაძემ ყურადღება გაამახვილა პანდემიის მესამე ტალღასთან გამკლავების პროცესზე, რომელიც, მისი თქმით, ბევრად უფრო საფრთხილო და საყურადღებოა, რამდენადაც ამ ეტაპზე საქმე გვაქვს ვირუსის განსხვავებულ შტამებთან და განსხვავებულ გამოწვევებთან.
ამიტომ, მან პარლამენტის ტრიბუნიდან საზოგადოებას მოუწოდა მეტი სიფრთხილისკენ, რომ მაქსიმალურად დაიცვან არსებული რეკომენდაციები, აქტიურად გამოიყენონ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და რაც მთავარია, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რაც მისი განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უდიდესი მონაპოვარია და მასზე ჩვენმა საზოგადოებამ დეზინფორმაციის გამო, უარი არ უნდა თქვას.
მან ასევე აღნიშნა, რომ მოსახლეობის აქტიური იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების და არსებული შეზღუდვების მოხსნის ერთ-ერთი მთავარი საშუალება.
„ჩვენ სრულად ვიზიარებთ შეზღუდვების თანმდევ სირთულეებს. სწორედ ამიტომ, მივმართეთ ყველა საშუალებას, რათა არ გამოცხადებულიყო კიდევ ერთი ლოქდაუნი, როგორც ეს მოხდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, სადაც სრული კარანტინი თვეების განმავლობაში გაგრძელდა და დღემდე არ დასრულებულა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად დავიცვათ ბალანსი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას შორის“, - თქვა მომხსენებელმა.
მან კანონმდებლებს მიმდინარე ვაქცინაციის სტატისტიკაც გააცნო და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს „ფაიზერის“ მილიონი დოზის მოწოდების ვადების დაზუსტება.
აღნიშნა, რომ მაისის ბოლომდე ჩვენი ქვეყანა დამატებით მიიღებს „ასტრა-ზენეკას“ 86 000 დოზას და „სინოვაკის“ 100 000 დოზას.
„ვაქცინაციაზე უკეთესი ხელმისაწვდომობისთვის, ჩვენ ეტაპობრივად ვზრდით კოვიდ ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობას, სადაც პროცესი უსაფრთხოების უმაღლესი ზომების დაცვით წარიმართება. ასევე, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე. სულ მალე, ჩვენი ახალგაზრდები ვაქცინაციის ოფიცრების სტატუსით ჩაერთვებიან ვაქცინაციის მხარდამჭერ პროცესში. ისინი მოსახლეობას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ და ყველა მსურველს დაეხმარებიან ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციაში“.
ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მისი საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით სათანადოდ არის მომზადებული კოვიდ-19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის.
მინისტრმა თავის გამოსვლაში ისაუბრა პირველადი ჯანდაცვის სისტემაში დაგეგმილი რეფორმის შესახებ, რომელიც მიმდინარე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება და ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის სისტემურ გაუმჯობესებას რამდენიმე მიმართულებით. კერძოდ - პირველადი ჯანდაცვის სერვისების დაფინანსების გაუმჯობესებულ მექანიზმებს; პირველადი ჯანდაცვის სერვისების მოცულობისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას; ოჯახის ექიმის რგოლის გაძლიერებას და უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას; ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას; ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რომელიც გულისხმობს საქართველოს პირველადი ჯანდაცვის ახალ, ციფრულ დონეზე გადასვლას.
მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხზე. ითქვა, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, კრიტიკულ გამოწვევად რჩება სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხი. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რიგ ცვლილებებს, რომელთა შესახებაც მინისტრმა დეტალურად ისაუბრა.
რაც შეეხება ტარიფიკაციას, მინისტრის თქმით, გასული წლიდან დაიწყო სამედიცინო მომსახურებების ერთიან სატარიფო პოლიტიკაზე მუშაობა.
„ჯანდაცვის სამინისტროსთვის უმთავრესი პრიორიტეტია ხალხის ბიუჯეტის მაქსიმალურად მიზნობრივად და კეთილსინდისიერად გამოყენება. ტარიფების დადგენის პროცესი გაგრძელდება უწყვეტად და გათანაბრებული ტარიფები უახლოეს პერიოდში გავრცელდება ყველა ნოზოლოგიაზე. ჩემთვის სრულიად გასაგებია ბიზნესის წუხილი ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით. ამიტომ ღიად ვაცხადებ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის მზად არის დაწესებულებების წარმომადგენლებთან მსჯელობისთვის, რათა, უპირველეს ყოვლისა შევძლოთ მოსახლეობის საჭიროებებზე პასუხი, ხოლო მეორე მხრივ, სამედიცინო სექტორმა განაგრძოს მდგრადი განვითარება“.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს გააჩნდეს სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკუთარი რესურსი.
ასევე, თქვა, რომ სამინისტრო ნერგავს უწყვეტი პროფესიული განათლების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის პლატფორმას, რათა ექიმებს ჰქონდეთ სამედიცინო განვითარების შესაძლებლობებზე უწყვეტი ხელმისაწვდომობა.
ჯანდაცვის სფეროს შესახებ საუბარი მან დაასრულა კანონმდებლებისადმი მიმართვით და განაცხადა, რომ „აღნიშნული მასშტაბური რეფორმები, კონკრეტულ ეტაპებზე მოითხოვს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს. პატივცემულო პარლამენტის წევრებო, მინდა ვისარგებლო ამ ტრიბუნით და მოგიწოდოთ ძირეულ ცვლილებებში მხარდაჭერისკენ. თქვენი ჩართულობა იქნება გადამწყვეტი, რათა დღეს, აქ გაჟღერებული ყველა პირობა დროულად შესრულდეს“.
ამის შემდეგ მინისტრმა სოციალურ საკითხებზე საუბარს დაუთმო დრო - „სოციალურ მიმართულებაზე საუბარს დავიწყებ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპერეცედენტო სიახლით, რომელიც ეხება საქართველოს სოციალური კოდექსის შექმნას. დღეს არსებული სოციალური სისტემა ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს სათანადო მხარდაჭერას. არსებული სოციალური და ჯანდაცვის სერვისები მოცულობითია, მაგრამ შედარებით ფრაგმენტული და არასაკმარისი სრულყოფილი უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ამ მოცემულობას თვალს ვუსწორებთ, რასაც უნდა მოჰყვეს საჭირო ცვლილებების დაწყება. ამ ეტაპზე, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მიმდინარეობს საქართველოს და ევროპის სოციალური სისტემების სიღრმისეული შესწავლა, რომელიც გახდება საქართველოს სოციალური კოდექსის საფუძველი. წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების საფუძველზე განხორციელდება მასშტაბური საკანონმდებლო რეფორმა სოციალური კოდექსის სახით, რომელიც უზრუნველყოფს მდგრად, ეფექტიან, კოორდინირებულ დაცვის სისტემას. სოციალური კოდექსი გახდება ადამიანის ცხოვრების ყველა ეტაპზე არსებული საჭიროებების დაკმაყოფილების კანონით გამყარებული გარანტი. თუ ჩვენ გვაქვს მისწრაფება, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ საქართველოს ყველა მოქალაქეზე ზრუნვა უნდა განხორციელდეს ისე, როგორც ამას აკეთებენ ევროპის ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, მოქნილად და კოორდინირებულად. ეს ინიციატივა არ უნდა დარჩეს მხოლოდ მინისტრის საათზე გაჟღერებული განაცხადის სახით, არამედ, უნდა მოჰყვეს კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები, რისთვისაც პარლამენტს ვთხოვ აქტიურ ჩართულობას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მან დეტალურად გაამახვილა ყურადღება სოციალური დახმარების, შეფასების მეთოდოლოგიის, ოჯახების შეფასების პროცესის დიჯიტალიზაცის შესახებ. ისაუბრა ფუნდამენტურ ცვლილებებზე შშმ პირთა საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი სიახლეებია ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით, რაც სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„სახელმწიფო ზრუნვის გაუმჯობესების პარალელურად, ჩვენი მთავარი მიზანია, ოჯახების გაძლიერება, რათა ყველა ბავშვი იზრდებოდეს ოჯახში და მშობელს სოციალური პრობლემების გამო არ უწევდეს შვილებისგან დისტანცირება. სამინისტრო ამ მიმართულებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს და მოხარული ვარ, რომ გასულ წელს შევძელით 105 ბავშვი სახელმწიფო ზრუნვიდან დაგვებრუნებინა მათ ბიოლოგიურ ოჯახებში“, - განაცხადა მან.
როგორც ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა, შრომის უსაფრთხოების საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამინისტროს საქმიანობაში.
მისი თქმით, „შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ზრუნვა 2021 წლიდან ახალ ეტაპზე გადავიდა, როდესაც ფუნქციონირება დაიწყო ახლად შექმნილმა სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურმა.
მინისტრის თქმით, „გაზრდილი მანდატის პარალელურად, შრომის ინსპექციის სამსახურმა შთამბეჭდავი შედეგები გვაჩვენა როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე COVID-19-ის მართვის ნაწილში. არსებული რეგულაციების აღსრულებისა და მონიტორინგის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახურმა, სხვა მოკავშირე უწყებებთან ერთად, განახორციელა 12 000-ზე მეტი ღონისძიება. ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ შრომის ინსპექციის სამსახური მძლავრი და ქმედითი უწყებაა, რომლის საქმიანობა პირდაპირ აისახება თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე“.
მისი თქმით, უსაფრთხო და ღირსეული შრომითი გარემოს უზრუნველყოფა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, რომლის აღსრულებისთვის კიდევ უფრო მრავალი მტკიცე ნაბიჯის გადადგმა იგეგმება.
შრომის მიმართულების ნაწილში მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცირკულარული შრომითი მიგრაციის საკითხზე, რომელიც, მისი თქმით, არასწორი ინტერპრეტაციის გამო არაერთხელ გახდა კრიტიკის საგანი.
„არალეგალური შრომითი მიგრაციისას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არაერთხელ დაზარალდნენ ტრეფიკინგის და შრომითი ექსპლუატაციის გამო. საზღვარგარეთ დასაქმების მსურველ მოქალაქეებს ჩვენ მივეცით შესაძლებლობა დროებით, ლეგალურად დასაქმებულიყვნენ მეგობარ ქვეყნებში, სადაც მათ ელოდებათ ღირსეული შრომის ანაზღაურება და ჯანსაღი შრომითი გარემო. გარდა ეკონომიკური დაინტერესებისა, ჩვენი მოქალაქეები შეიძენენ მნიშვნელოვან გამოცდილებას, რომლის გაზიარება და ეროვნულ საქმიანობაში გამოყენება, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამუშაო ვადის ამოწურვის შემდეგ, შერჩეულ მოქალაქეებს, აქვთ საქართველოში დაბრუნების ვალდებულება“.
მინისტრის თქმით, ცირკულარული მიგრაციის საკითხზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები საფრანგეთთან, ბულგარეთთან და ევროკავშირის წევრ სხვა სახელმწიფოებთან.
ეკატერინე ტიკარაძის მოხსენებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო დევნილთა საკითხებს. მან ისაუბრა პროგრამებზე, რომლის ფარგლებშიც ხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა გრძელვადიანი, უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
„გარდა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა, ჩვენი ამოცანაა დევნილებს დავეხმაროთ სოციალურ ინტეგრაციაში, დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში. დასაქმების, პროფესიული განათლების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 350 იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდება. აღსანიშნავია, რომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2020 წელს, ბიუჯეტი შეადგენდა 400 000 ლარს, 2021 წელს თითქმის გასამმაგდა და 1 100 000 ლარი შეადგინა. 2022 წელს კი 2 200 000 ლარამდე გაიზრდება. 2020 წლიდან, სააგენტო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის დახმარების სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. 2021 წელს, შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამშობლოში დაბრუნებულ 200-მდე მიგრანტს გადაეცემა გრანტი“, - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის გამოსვლის შემდეგ, დეპუტატებმა დასვეს მრავალფეროვანი, მწვავე და აქტუალური შეკითხვები, რომლებზეც ეკატერინე ტიკარაძემ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დასრულების შემდეგ უპასუხა.
კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ, სხდომა საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციებისა და ცალკეული დეპუტატის გამოსვლებს დაეთმო.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სახელით დიმიტრი ხუნდაძე: „თქვენ ისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე, რამაც განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პანდემიის პირობებში, იმიტომ რომ სექტორზე იყო პერიოდები, როცა დიდი იყო ზეწოლა, მარგამ ასეთ ვითარებაში მთავარი ინდიკატორი არის ის, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩენილა მკურნალობის გარეშე.
იყო ხარვეზები, მაგრამ მსოფლიო ვერ უმკლავდება ხარვეზების და შეცდომების გარეშე ამ პროცესს, და ვფიქრობ მოთხოვნები და მოლოდინები უნდა გვქონდეს ადეკვატური.
სელექტიური კონტრაქტირების კუთხით გადაწყვეტილებები დროულად არის მისაღები, სატარიფო კონტრაქტები საჭიროებს გადახედვას, რაც ამ დიდი რეფორმების ნაწილია. მედიკამენტების ხარისხზე ჩვენ ერთად დავიწყეთ მუშაობა საკანონმდებლო დონეზე ევროპელ ექსპერტებთან ერთად, და ჩვენ ახლა კიდევ ვაგრძელებთ კომიტეტის ფარგლებში აქტიურ მუშაობას
პოსტდიპლომური განვითარების რეფორმირება, - დარგი როცა არის მუდმივად განახლებადი და განვითარებადი, ეს განათლების გარეშე შეუძლებელია. სოციალურ კოდექსიც მასშტაბური რეფორმებია და ამასაც პარლამენტთან მჭიდრო მუშაობის გარეშე ვერ მივაღწევთ. ასევე საჭირო მიმართულებით კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელი იქნება მასშტაბური რეფორმების გატარება.
რაც შეეხება საზოგადოების ინფორმირებულობას, ვფიქრობ აქ ცოტა დეფიციტი გვაქვს ამისა. მაგალითად სოციალურად დაუცველების ნაწილმა არ იცის არსებული სიკეთეების შესახებ, და მას ვერ იყენებენ. მეტი კომუნიკაციაა საჭირო. მეტი ინფორმირებულობაა საჭირო ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც.
მოკლედ, ამ რთულ ვითარებაში მრავალი რამ არის გაკეთებული, რამაც გადაარჩინა ბევრი ადამიანის სიცოცხლე. და მინდა მედპერსონალის დიდ გუნდს გადავუხადო მადლობა ყოველთვის, სამწუხაროდ ვერ ხდებოდა ხოლმე გამარჯვება პაციენტის სასარგებლოდ, მაგრამ რომ არა ასეთი დიდი შრომა, შესაძლოა ზიანი კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო. გთავაზობთ ერთად მუშაობას, რომ ხარვეზებიც ერთად დავძლიოთ“.
უფრაქციო დეპუტატი ლევან იოსელიანი: „არასოდეს მიჭირს ვთქვა სწორია იმაზე რაც სწორია, თუ დავინახავ, რომ თქვენი ძალისხმევა, რომელიც იქნება დაკავშირებული ტურისტების ნაკადის გაზრდასთან საქართველოში, გამოიღებს შედეგს, ნამდვილად ვიტყვი, რომ თქვენი გადაწყვეტილება იყო სწორი“.
დავით ზილფიმიანი: „კერძო და სახელმწიფო სექტორებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფომ არასწორი გააკეთა, როცა სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაცია მოახდინა. სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება, რომ კერძო სექტორებს უხდის ფულს, რათა სოციალური სეგმენტი მოიცვას. მე ასევე გული მწყდება, რომ ჩვენი ქვეყნის რესურსი მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ და იქ უწევთ არაკვალიფიციურ სამუშაოზე დასაქმება. რომ არ უჭირდეთ, არ წავიდოდნენ. კარგი იქნება, რომ ექიმებს ჰქონდეთ სოციალური შეღავათები. ესენი ხომ მთავარი სეგმენტია ჯანდაცვის სისტემისა“.
მიხეილ სარჯველაძე: „თუ ვინმე მოელოდა, რომ აქ იქნებოდა საუბარი, რომ პრობლემები არ გვაქვს ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით, ეს არასწორი მოლოდინი იქნებოდა. ყველაზე მეტად რაც მახარებს, ისაა, რომ ვხედავთ გუნდს, რომელიც მზად არის თვალი გაუსწოროს პრობლემებს, დააიდენტიფიციროს ეს პრობლემები და გაბედულად ებრძოლოს მათ. ეს მაძლევს იმედს, რომ რეალურად შევძლებთ, რომ გარღვევა მოხდება და წარმატებას მივაღწევთ ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ზოგადად სოციალური უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა, კოვიდთან ბრძოლა, და თანამშრომლობა გაგრძელდება ყველა აქ დასახელებულ საკითხებზე. ამაზე დიდწილად არის დამოკიდებული ადამიანების ნორმალური ცხოვრების ხარისხი“.
ვლადიმერ კახაძე - „თქვენ ბრძანეთ რომ იყო წარმატებები და იყო მარცხი, ეს არის ექიმის თვალით დანახული რეალობა და შეფასება იმ საშინელებისა, რაშიც მთელი დედამიწა იმყოფება. სამწუხაროდ დღესაც ბევრს არ სჯერა, რომ ვირუსი არსებობს, მაგრამ 300 ათასმა ადამიანმა პალატა დატოვა და ირწმუნა, რომ ვირუსი არსებობს. ამ 300 ათას ადამიანს მაინც დავუჯეროთ, რომ ეს ვირუსი მოფრთხილებას, რეგულირებებს საჭიროებს. მასთან ბრძოლა ორგანიზებულად უნდა მოვახდინოთ. ეს არის ჩვენი გამოსავალი, სადაც სამინისტრო თავისი შემართული გუნდით, უკვე გამოცდილებით და პრაგმატიზმით არის ამის მედიატორი, ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში, გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც ჩვენზე გამოცდილები გვთავაზობენ. არ დავივიწყოთ ისტორიული წარსული და მოსახლეობასთან ერთად გადავირჩინოთ საკუთარი თავი“.
დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა რამდენიმე კანონპროექტი განიხილა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა კანონპროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების“ შესახებ.
კანონპროექტი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას ისახავს მიზნად.
ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ინიციატივა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება. კერძოდ, ადმინისტრაციული დაკავებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება. ამიტომ საჭიროა, შესაბამისი ცვლილება შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
კანონპროექტით დგინდება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს. თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება განპირობებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და უზრუნველყოფს პირის დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ერთნაირი ვადის დადგენას და, ამდენად, თანასწორ მოპყრობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირთა ჯგუფების მიმართ.
ანრი ოხანაშვილმა ასევე პირველი მოსმენით წარუდგინა კოლეგებს კიდევ ერთი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე.
მომხსენებლის განმარტებით, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის განსაზღვრული წვრილმანი ხულიგნობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფის ანდა მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელების სამართალდარღვევები.
წარმოდგენილი პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ანდა მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.
მსჯელობისა და კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ პარლამენტმა კენჭისყრა გამართა და მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტებს.
პარლამენტმა ასევე დაუჭირა მხარი საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს - 1957 წლის 30 სექტემბრის „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპულ შეთანხმებაში შესწორებების შეტანის შესახებ ოქმს, რომელიც ძირითადად ტერმინოლოგიურ ცვლილებებს ითვალისწინებს.
საკითხი სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა წარმოადგინა.
პლენარულ სხდომაზე მოისმინეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც კოლეგებს კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო.
პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მორიგი პლენარული სხდომა 29 აპრილს 12 საათზე გაიმართება.