საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს, ჟაკ კრაბალს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს და ასამბლეაში ასოცირებული წევრობის პროცედურებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში ასოცირებული წევრობა საქართველოს ისეთ ქვეყნებთან, რომლებიც ასამბლეის წევრ-სახელმწიფოებს წარმოადგენენ არაღიარების პოლიტიკის გატარებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
„ჩვენ ახლა ვიწყებთ პროცედურას, რომ გავხდეთ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრები. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, რომ ასოცირებული წევრობის სტატუსი მივიღოთ და უახლოეს მომავალში ეს პროცედურა დაიძვრება, რაც გაგვიმარტივებს ზოგადად ფრანკოფონიის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ასამბლეაში გაწევრიანებულია 88 წევრი სახელმწიფო მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან. ჩვენი პოლიტიკისთვის, ჩვენი საპარლამენტო ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებთან გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობები, განსაკუთრებით არაღიარების პოლიტიკის კუთხით, იმიტომ რომ აქ შედის ასევე ის სახელმწიფოები, როგორიცაა აფრიკის ქვეყნები, ოკეანეთის და სხვა შორეული რეგიონები, რომლებთანაც საქართველოს ასეთი მჭიდრო კავშირები არა აქვს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ჟაკ კრაბალთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი დაესწრნენ.