გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფმა, კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, საკომიტეტო მოკვლევის „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ინფორმაციით, კომიტეტი გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასებისთვის მნიშვნელოვან თემატურ მოკვლევას აწარმოებს.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პირველადი დოკუმენტი განიხილება, რომელიც მუშაობის პროცესში მიღებულ ყველა არგუმენტირებულ და დასაბუთებულ წინადადებას და მოსაზრებას აერთიანებს და მას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, იქნება უმნიშვნელოვანესი, რომ მოხდეს პრობლემის კომპლექსურად შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ტყვიის წარმომშობი ფაქტორების აღმოსაფხვრელად.
„რამდენიმე წლის მანძილზე ეს თემა საკმაოდ აქტუალურია და არაერთი მიმართულებით განხორციელდა ცალკეული აქტივობები და კომიტეტმა გადაწყვიტა კომპლექსურად შეგვესწავლა აღნიშნული საკითხი და დავიწყეთ თემატური მოკვლევა, რომელიც ფაქტობრივად სრულდება. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმ პირველადი დოკუმენტის, რომელიც თემატური მოკვლევის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრებმა და ექსპერტმა ერთობლივად დავამუშავეთ, გავლას სახელმწიფო სტრუქტურებთან და მის უფრო დახვეწას, იმისათვის რომ საერთო მიზანი იქნას მიღწეული და მთავრობამ მაქსიმალურად შეძლოს განსაზღვროს და საბოლოო ჯამში აღმოფხვრას ტყვიის წარმომქმნელი წყაროები“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
პროექტი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ხორციელდება.