საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა ნინო წილოსანმა, დიმიტრი ცქირტიშვილმა და ეკა ბესელიამ შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში საქმიანი ვიზიტი დაასრულეს.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ორგანიზებით, სტოკჰოლმში შეხვედრები გაიმართა დეკრეტული შვებულების რეგულირებასთან დაკავშირებით. შვედმა კოლეგებმა საქართველოს დელეგაციის წევრებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრებზე ხაზი გაესვა დეკრეტული შვებულების მნიშვნელობას გენდერული თანასწორობის ჭრილში.
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები შვედეთის დედაქალაქში ორგანიზაცია MAN-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრასაც დაესწრნენ. აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპია კაცები გენდერული თანასწორობისთვის.
ღონისძიების მომხსენებელმა კაცებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით. ხაზი გაუსვეს, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში თანაბრად უნდა იყოს ჩართული ორივე მშობელი და შვილის მოვლაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ დედას ან მხოლოდ მამას არ უნდა დაეკისროს.
შეხვედრაზე წარადგინეს საინტერესო მონაცემები - სტატისტიკურად, კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ქალებისაზე ნაკლებია, რაზეც მათი ცხოვრების წესის გარდა, გავლენას ახდენს მასკულინური საფუძვლები (აგრესია, ნერვული დაძბულობა, მუდმივი კონკურენციის განცდა) და ზოგადად, მოლოდინები, რომელიც საზოგადოებაში კაცების მიმართ არის შექმნილი.
ორგანიზაცია MAN-ის სტატისტიკით, გამოკითხული 6000 ბავშვიდან (გოგოებიც და ბიჭებიც) სირთულეებზე საუბარს 40% დედასთან ამჯობინებს და მხოლოდ 5% მამასთან. ეს ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ დედები უფრო ჩართული არიან შვილების აღზრდის პროცესში და იმის გამო, რომ შვილი დედასთან უფრო მეტ დროს ატარებს, სწორედ მასთან საუბრობს პრობლემებზე. გარდა ამისა, ეს ინფორმაცია მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელია, შვილის აღზრდის პროცესში ორივე მშობლის თანაბარი ჩართულობა და ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი უნდა გახდეს დეკრეტული შვებულებების პრაქტიკა მამაკაცებისთვის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდა საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელიც თათა ხეთაგური.
სტოკჰოლმში ვიზიტამდე, დეკრეტული შვებულების საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ნინო წილოსანი, დიმიტრი ცქიტიშვილი და თათა ხეთაგური შვედეთის ელჩს, ურლიკ ტიდესტრომს შეხვდნენ.
ელჩმა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეუღლესთან ერთად თავადაც გამოიყენა ეს შესაძლებლობა და ოთხი თვე პატარა შვილთან გაატარა.
დეკრეტული შვებულების რეგულირებასთან დაკავშირებით მუშაობა საქართველოშიც იგეგმება. იქამდე, საქართველოს პარლამენტის წევრები უცხოურ პრაქტიკას გაეცნობიან, რომ ქართული კანონმდებლობა მორგებული იყოს და ეფუძნებოდეს ევროპულ სტანდარტებსა და გამოცდილებას.