მისივე განცხადებით, საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი ეუთო/ოდირს დღეს გადაეგზავნა შეფასებისთვის.
„საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით, დღეს ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირის ოფისს დასკვნების და შეფასებისთვის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მონაწილეობით შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს საარჩევნო წესებსა და გარემოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
„პარლამენტში, სამი მოსმენის ფარგლებში, ყველა დაინტერესებულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში - ერთად ვიმუშაოთ, რომ შემდეგ ადგილობრივ არჩევნებს ჩვენი ქვეყანა შეხვდეს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ გარემოში და გაუმჯობესებული საარჩევნო წესებით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებამდე პირბადის ტარება კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
„ვაქცინაციამდე პირბადე არის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება, ამიტომ თხოვნით მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, ატაროს პირბადე. ყველამ მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რომელსაც ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანას ვაქცინაზე დროული წვდომა ჰქონდეს.
„ჯანდაცვის სამინისტროსგან ჩვენ მივიღეთ ვაქცინაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია და ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს ამ მომენტისთვის, რომ საქართველომ დროულად მიიღოს წვდომა ვაქცინაზე, ვინაიდან ეს, თავის მხრივ, არის დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროცესების გახსნასთან და ეკონომიკის აღდგენასთან. მივმართავ ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ პირბადის გამოყენებას და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელსაც ჯანდაცვის სამსახურები გვაწვდიან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ და წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განსაზღვრა.
ორგანული კანონის პროექტით წესრიგდება: ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესთან, ცესკოს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესთან, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესთან, საოლქო საარჩევნო კომისიის შექმნასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნასთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შემადგენლობასთან დაკავშირებული საკითხები.
16 - 19 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ოცამდე საკითხია, მათ შორის, საპარლამენტო კომიტეტების და პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა.
დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილ კანდიდატურებს.