საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 03 Sep 2018
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის დასკვნის პროექტზე იმსჯელეს

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დასკვნის პროექტის მესამე თავის განხილვას დაეთმო.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განმარტა, დასკვნის პროექტის მესამე თავი კომისიის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებს ეხება და მასში კონკრეტული ფაქტებია მოყვანილი.

მისივე განცხადებით, დასკვნის პროექტი ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებას ემყარება, რომელიც კომისიის მიერ იქნა შესწავლილი.

სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კომისიის მუშაობის პროცესში 70-მდე ადამიანი გამოიკითხა და 100-მდე წერილი სხვადასხვა უწყებას დაეგზავნა, რათა კომისიას დამატებით კითხვებზე ამომწურავი პასუხი მიეღო.

კომისიის თავმჯდომარემ დასკვნის პროექტის ბოლო თავზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნული თავი რეკომენდაციების ნაწილს მოიცავს და მისი განხილვა კომისიის ხვალინდელ სხდომაზე იგეგმება.

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დასკვნის პროექტის მესამე თავის პრეზენტაციით გაგრძელდა, რომელიც უმცირესობის წევრებმა, ოთარ კახიძემ და ირაკლი აბესაძემ წარადგინეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრების მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი უმრავლესობის წევრებმა პოლიტიზებულად მიიჩნიეს და დასკვნის ალტერნატიული პროექტის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.

„ჩვენ მოვამზადეთ დასკვნის პროექტი და მზად ვართ წარმოვადგინოთ და თქვენთან ერთად განვიხილოთ, შემდგომში კი მას პარლამენტის პლენარულ სხდომას გავაცნობთ. თქვენ მიერ მომზადებული დასკვნის პროექტზეც გვაქვს შენიშვნები და მიგვაჩნია, რომ იგი უკიდურესად პოლიტიზებული დასკვნაა“, - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. 

უმრავლესობის მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტზე კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა.

„ჩვენ წარვადგენთ დასკვნის პროექტს, რომელიც არის ობიექტური და მასში მთელი რიგი საკითხები კრიტიკულად არის დასმული. ჩვენ ამ დასკვნაში დავადგინეთ, რომ გამოძიების დროს ადგილი ჰქონდა მთელ რიგ ხარვეზებს, რამაც გავლენა იქონია მტკიცებულებათა ხარისხზე. ასევე დადგინდა, რომ კონკრეტული ორგანოების მხრიდან გამოძიების წარმოების პროცესში გამოვლინდა დაზარალებულებთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის დეფიციტი, რაც ასევე მივიჩნიეთ მნიშვნელოვან ხარვეზად და ჩავთვალეთ, რომ ეს იყო პრობლემა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც სხდომის დასასრულს აღინიშნა, უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებული დასკვნის პროექტი კომისიის წევრებს გადაეგზავნებათ, რომლის გაცნობის შემდეგ, კომისია მის შესახებ იმსჯელებს.

„ხვალ 12 საათიდან დავიწყოთ დასკვნის პროექტის ბოლო თავის - რეკომენდაციების განხილვა, სხდომის მეორე ნაწილი კი დავუთმოთ იმ მოსაზრებების გაცნობას, რომლებიც ჩვენს კოლეგა უმრავლესობის წევრებს გააჩნიათ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ კომისიის სხდომის დასრულებისას.