საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 04 Sep 2018
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე რეკომენდაციების პროექტი განიხილეს

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დასკვნის პროექტის მეხუთე თავის განხილვას დაეთმო, რომელიც რეკომენდაციების პროექტს ეხება.

„საზოგადოების საყურადღებოდ უნდა განვაცხადო, რომ ბოლო ოთხი დღეა კომისია განიხილავს დასკვნის პროექტს, რომელიც ხუთი ნაწილისგან შედგება და ეხება კომისიის საქმიანობის აღწერას, ახლად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კომისიის მიერ აღმოჩენილ დასკვნებსა და დარღვევებს, სკოლების უსაფრთხოებას და კონკრეტულ რეკომენდაციებს. დღეს ჩვენ დასკვნის იმ ნაწილზე ვიმსჯელებთ, რომელიც რეკომენდაციებს ეხება. შემუშავებულია 30-მდე რეკომენდაცია, რომლებსაც კომისია სათითაოდ განიხილავს“, - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით, ყველა ინიცირებული რეკომენდაცია კონკრეტული ფაქტებიდან და არგუმენტებიდან გამომდინარეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უმრავლესობის წევრები მზად არიან შემოთავაზებული პროექტის განსახილველად.

„გამოვთქვამთ სურვილს, გვქონდეს ერთიანი შეჯერებული პოზიცია, სულ მცირე, რეკომენდაციების ნაწილში და მზად ვართ პოზიციების დასაახლოებლად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, თუკი წარმოდგენილი იქნება ობიექტურ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

„ჩვენ მზად ვართ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები. თუ ჩვენ შევჯერდებით რიგ საკითხებზე, რომელიც იქნება ობიექტური მოცემულობა, ობიექტურად დადგენილი და არ იქნება ეჭვებზე საუბარი, არამედ კონკრეტულ მტკიცებულებებზე. თუ ეს პროცესი წარიმართება, ჩვენ შეგვიძლია დავაახლოვოთ რეკომენდაციების შინაარსი. ჩვენ გამოვთქვამთ სურვილს, რომ გვქონდეს ერთიანი შეთანხმებული პოზიცია რეკომენდაციების ნაწილში. რაც შეეხება ტექსტს, ვფიქრობთ, რომ საჭიროებს მნიშვნელოვან გადახედვას. იქ არ უნდა იყოს პოლიტიკური ელფერი. ამ ნაწილს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ კონკრეტული რეკომენდაციის შინაარსზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

რეკომენდაციების პროექტი დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ წარმოადგინა.

მისი ინფორმაციით, რეკომენდაციები ხუთი მიმართულებით იქნა შემუშავებული:

  1. პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებული ქმედებები;
  2. პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო;
  3. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სკოლების თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი;
  4. სკოლის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებები;
  5. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

კომისიის წევრებმა დეტალურად განიხილეს თითოეული რეკომენდაცია.

სერგი კაპანაძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საბოლოო ვარიანტს კენჭი ხვალ, 5 სექტემბრის სხდომაზე ეყრება.