დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ ნდობის ჯგუფის სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განცხადებები გაკეთდა.
„პარლამენტის ნდობის ჯგუფი შესაბამისი უწყებების წლიური მოხსენებების მოსმენას აგრძელებს. ნდობის ჯგუფის ფორმატში, ჯგუფის წევრებმა უკვე მოვუსმინეთ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს და დაზვერვის სამსახურს. დღეს კი სპეციალური პენიტენციურ სამსახურს მოვუსმინეთ, სადაც წარმოდგენილი იქნა ანგარიში 2020 წლის საქმიანობის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც საჯარო არ არის. ანგარიშის ფარგლებში გავეცანით ინფორმაციას სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის და განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. ნდობის ჯგუფი გააგრძელებს წლიური ანგარიშების მოსმენას და შემდეგ სხდომებზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშებს მოვისმენთ“, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
„პარლამენტის ნდობის ჯგუფი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო ზედამხედველობას უზრუნველყოფს. დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა 2020 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ უწყება ძალიან დიდ, შრომატევად საქმიანობას ეწევა, სადაც პრიორიტეტია მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების დაცვა და ასევე პრიორიტეტია მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია“, - აღნიშნა ნდობის ჯგუფის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.
ნდობის ჯგუფის სხდომაზე ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი ბერაია და ჯგუფის წევრები ანრი ოხანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე დაესწრნენ.