პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელსაც პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი უძღვებოდა, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, რეგლამენტის თანახმად, დეპუტატებმა ცნობად მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საჯარო განცხადება გადადგომის თაობაზე, რაც შესაბამისი საოქმო ჩანაწერით გაფორმდა.
„მიმდინარე წლის 24 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გამოვიდა განცხადებით და გვამცნო, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად, მიგვეღო ცნობად მისი სურვილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის თაობაზე. რაც არის ჩვენთვის ცნობად მისაღები. ამასთან დაკავშირებით, კეთდება საოქმო ჩანაწერი და გთხოვთ ხელის აწევით დაადასტუროთ, რომ ეს განცხადება მიღებულია ცნობად“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
დღევანდელი სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციის ნაწილმა, რომელმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა, აღნიშნულით, მე-10 მოწვევის პარლამენტისადმი მათი თითქმის 6-თვიანი ბოიკოტი დასრულდა.
სხდომა პარლამენტის წევრების პოლიტიკური განცხადებებით გაგრძელდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შემოსვლის ფაქტს გამოეხმაურა და პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლის მიუხედავად, მოლაპარაკებებში ჩართულმა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, პატრიოტთა ალიანსმა და ლეიბორისტულმა პარტიამ მაინც არ მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებას. მეტიც, ისინი დღესაც არ შემოდიან პარლამენტში, ინარჩუნებენ კარვებს პარლამენტის შენობის წინ, გამოდიან შეთანხმების ცალკეული პუნქტების წინააღმდეგ, აგრძელებენ აგრესიულ რიტორიკას ქართული ოცნების და ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ და დგამენ სხვა ნაბიჯებს შეთანხმების შინაარსისა და მისი სულისკვეთების საპირისპიროდ. ამით, კიდევ ერთხელ მკაფიო ზღვარი ივლება პროდასავლურ და ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის, მიუხედავად ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ გადადგმული ამ დესტრუქციული ნაბიჯებისა ქართული ოცნება თავისი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას.
ყველას მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველი პარტიის საზრუნავი და სუბიექტური ინტერესი, ამით დაინტერესებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია. შესაბამისად, პოლარიზაციისა და რადიკალიზმის შემცირების საქმეში, თითოეულ პარტიას და თითოეულ პარლამენტის წევრს თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული საქმიანობისთვის და პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
დამოუკიდებელი დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ხელისუფლების და პოლიტიკოსების განხილვის მთავარი თემა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ურთულესი ყოფა უნდა იყოს.
„მე, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა, ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო, იმ კონკრეტული საკითხებით, რომელიც დღეს აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სამართლიანი განცდა, რომ ხელისუფლება მათზე სათანადოდ არ ზრუნავს და სხვა ვიწრო პოლიტიკური დღის წესრიგით არის დაკავებული. არავისთვის არაა სიახლე, რომ მძიმე სოციალური ფონია შექმნილი ქვეყანაში და ამას კონკრეტული საქმით რეაგირება სჭირდება. ეკონომიკურ ვითარებას, ოკუპაციის მძიმე ტვირთიც ემატება. სამწუხაროდ, გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია, ამჯერად, უკვე ქარელის მუნიციპალიტეტში და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ურთულესი ყოფა. ეს არის ის საკითხები, რაც დღეს პირველ რიგში ხელისუფლების და პოლიტიკოსების განხილვის მთავარი თემა უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, გიორგი გახარიას გუნდი ქვეყანაში სისტემური განახლებისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის სენატორ ჯინ შაჰინის, ასევე, სენატორების რონ ჯონსონისა და ჯიმ რიშის ავტორობით შექმნილ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„რეზოლუციის მთავარი თემა ჩვენი ხელისუფლების და ოპოზიციურ პარტიებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების შესრულებაა და რომელიც სულ ახლახან გაეგზავნა ამერიკის შეერთებულ შტატების სენატს. ეს ყოველივე წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს საკანონმდებლო დონეზე მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას. რეზოლუციის ტექსტი, სწორედ, საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიის განვითარების მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერის მორიგი დადასტურებაა. სრულად ვიზიარებთ ჩვენი პარტნიორების პათოსს, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ პარლამენტში კუთვნილი ადგილი უნდა დაიკავოს ზუსტად იმ პროპორციით, რომლითაც მათ ქართველმა ხალხმა 2020 წლის არჩევნებში დაუჭირა მხარი. ჩვენმა გუნდმა არაერთხელ საჯაროდ დააფიქსირა და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ „ქართული ოცნება“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ზედმიწევნით შეასრულოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით დადებული შეთანხმების პუნქტები. ჩვენ ასევე მზად ვართ ღია ინკლუზიური და გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურებით დავიწყოთ მუშაობა სისტემურ რეფორმებზე, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ევროკავშირში და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაცია და მსგავსი შიდა, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისების განმეორების თავიდან აცილებაა. საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ და ჩვენ კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოვთქვამთ, გავაძლიეროთ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობა, რომელიც საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება, ასევე გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად და ქართული დემოკრატიის გასაღრმავებლად. მოვუწოდებთ ოპოზიციას შეუერთდეს ამ საერთო ძალისხმევას და, დაპირისპირების ნაცვლად, ეროვნულ თანხმობას და თანამშრომლობას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა მოქალაქეების პრობლემებით დაინტერესდეს.
„მე მინდა მოვუწოდო საქართველოს მთავრობას, მეტად დაინტერესდეს ამ პრობლემებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს მხარდაჭერის ღონისძიებები არ იყო საკმარისი, მაგრამ ეს იყო შეზღუდული რესურსების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან მზრუნველობა მოქალაქეებზე, ხალხზე. დღეს ვერც მე, ვერც ჩემი გუნდის სხვა წევრები, და პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები ვერ ვხედავთ რას გეგმავს ხელისუფლება გაჭირვებასთან მარტო დატოვებული ხალხის მხარდასაჭერად. პოლიტიკური კინკლაობის დრო უნდა დასრულდეს, ეს არის გუშინდელი დღე. დღეს საჭიროა საქმიანი დღის წესრიგი, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, რიგითი მოქალაქის მომავალზე – ეს არის ჩვენი გუნდის მთავარი თანმიმდევრული გეგმა – დასაქმების, მედიკამენტების გაზრდილი ფასების, პოსტ-პანდემიური სოციალური მხარდაჭერისთვის, ინვესტიციების ხელშეწყობისთვის, ეკონომიკის აღდგენის გეგმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ადამიანებზე, როცა ეს მათ სჭირდებათ და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ გვჭირდება მათი თანადგომა არჩევნების წინ“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბრიუსელში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა და ის მოლოდინი გააჟღერა, რაც დღეს ბრიუსელში არის ჩვენი ქვეყნის და ყველა პოლიტიკური აქტორის მიმართ.
„საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ პოლიტიკოსებმა პატივი სცენ მათ არჩევანს, პოლიტიკურმა ლიდერებმა შეძლონ უკიდურესად პოლარიზებული გარემოს ჩანაცვლება კონსტრუქციული ტონით და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლისთვის მუშაობა ერთ სივრცეში. შეთანხმება, რომელსაც ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა „სამომავლო გზა საქართველოსთვის" უწოდა, უნდა გახდეს საფუძველი დემოკრატიის უფრო მაღალი ხარისხის მისაღწევად და არა პოლარიზაციის გასაღრმავებლად. კომპრომისი, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ხანგრძლივი მუშაობის და უდიდესი ძალისხმევის შედეგად გამოიძებნა იმსახურებს პატივისცემას. კომპრომისი იმიტომ არის კომპრომისი, რომ ის სრულებით სასურველი შესაძლოა არ იყოს რომელიმე მხარისთვის, თუმცა, მის საფუძველზე ხელმოწერილი შეთანხმება ყველა მხარის კეთილსინდისიერ მოპყრობას საჭიროებს“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირს საქართველო სჭირდება, რომ იყოს კვლავ ლიდერი და შევძლოთ ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება და ამისთვის საჭირო ინკლუზიური პროცესის წარმართვა პარლამენტში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახადა.
„ჩემი მხრიდან მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შესაძლებელი გახადა შეთანხმების მიღწევა, პირველ რიგში კი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს საქართველოში და რა თქმა უნდა, საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს გადაიდგა ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისკენ.
„ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელიც არის დასათაურებული, როგორც საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს განვითარების გზა და ეს შეთანხმება არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი შეთანხმება. ამ შეთანხმებას ზოგიერთი აღიქვამს საკუთარ მარცხად, მაგრამ ჩემი აზრით, ეს შეთანხმება არის ქართველი ხალხის გამარჯვება, ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი, როგორც ქართულ პოლიტიკაში ასევე საქართველოს განვითარებაში, როცა თითოეულ საქართველოს პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინოს სხვას, ყოველთვის შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ, რომ შეთანხმება არ არის ცუდი, შეთანხება არის ევროპული კულტურა, შეთანხმება დასავლური კულტურა, ეს არის ის მისწრაფება საითაც ჩვენ მივდივართ ყველანი. ეს არის უზარმაზარ შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და არ გავაჭიანუროთ პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ყველა ის ცვლილება რომელიც ამ დოკუმენტით არის ნაჩვენები და კიდევ ერთი დიდი კულტურა ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას“, – განაცხდა გიორგი ვაშაძემ.
უფრაქციო პარლამენტის წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, კერძო სექტორის სიძლიერე განაპირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნას.
„დღეს ჩვენს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისი და დასაქმება, სიღარიბე და დამძიმებული სოციალური პირობები. ამ გამოწვევებზე საპასუხოდ, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სწრაფი აღდგენა კერძო სექტორის მხარდაჭერის გზით. სწორედ, კერძო სექტორის სიძლიერე განაპირობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნას. ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა პირდაპირ არის დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ მეწარმეების მხარდაჭერაზე, ახალი სტიმულირების პაკეტების შემუშავებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე. ისმის კითხვა, რას აკეთებს დღეს ხელისუფლება ეკონომიკის აღდგენისთვის, რა გეგმა გაქვთ კერძო სექტორის განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერისთვის და სტიმულირებისთვის. მარტო ხომ არ ტოვებთ მათ მძიმე ეკონომიკური გამოწვევების წინაშე სწორედ ესენია უმნიშვნელოვანესი კითხვები რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს და მეწარმეებს გააჩნიათ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 19 აპრილს ხელმოწერილ, ევროკავშირის პრეზიდენტის მედიაციის ფარგლებში შედგენილ შეთანხმებაში დევს მთავარი სულისკვეთება, რომელიც ამბობს, რომ უნდა დასრულდეს პოლიტიკური უთანხმოება, სოლიდარულად უნდა ვებრძოლოთ პანდემიას, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე და ერთად უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფების განხორციელება.
„სწორედ ეს არის ის ოთხი მიზანი, რომლის გარშემოც დღეს ამ ქვეყნის ყველა პატრიოტი უნდა გაერთიანდეს და სწორედ ეს არის ოთხი ძირითადი საფუძველი ამ ქვეყნის წინსვლისთვის. ყველა, ვინც დღეს ამ შეთანხმების მხარეს დგას, გამარჯვებულია, ყველა, ვინც ამ შეთანხმებას უარყოფს, დამარცხებული. მათ მხოლოდ ორი გზა დარჩათ, ან აღიარონ საკუთარი მარცხი, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და შემოვიდნენ პარლამენტში, ან ქვეყნის მტრობაში გაჯიუტებულები საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ როგორც მარგინალური პოლიტიკური ჯგუფები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ის იქნება თავისი სიტყვის და ხელმოწერის ერთგული. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტს, რომელიც 19 აპრილს შედგა, შევასრულებთ ყველა მის პუნქტს და ყველამ იცით, რომ სწორედ დღეს არის დღე, როდესაც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ვალდებულების შესრულება და „ქართული ოცნება“ იმ სულისკვეთებით, რომელიც დევს შარლ მიშელის დოკუმენტში, შეასრულებს ამ ვალდებულებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ლელოს“ წარმომადგენელმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირის და შეერთებული შტატების მედიაციით მომზადებული დოკუმენტი, ჩვენს ქვეყანას აძლევს შანსს, რომ დაიწყოს უმნიშვნელოვანესი რეფორმების განხორციელება.
„აუცილებელია, რომ ეს დოკუმენტი სრულფასოვნად განხორციელდეს იმისათვის, რომ ჩვენ დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისთვის აუცილებელია, რომ დასრულდეს ყველა პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის საქმე. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ საზოგადოება გაერთიანდეს. ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან და ევროკომისიაში შეხვედრებისას ვნახეთ, რომ ევროპელი მეგობრები მზად არიან, დაუჭირონ ჩვენს ქვეყანას მხარი იმისათვის, რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოვიდპანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა და ოპონენტებს მოუწოდა სპეკულაციების და უადგილო კრიტიკის ნაცვლად, პანდემიის პროცესი „ერთი სამშობლოს“ პრინციპით მართონ.
„როგორც იქნა, მოვახერხეთ ერთად შეკრება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად შევძელით კრიზისული სიტუაციის განმუხტვა დიალოგის გზით, მართალია უცხოელი პარტნიორების დახმარებით, მაგრამ მაინც ჩვენი გადაწყვეტილებით. ჩემი სურვილია საქართველოში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციამ „ერთი სამშობლოს“ პრინციპით ვმართოთ ქვეყანა. ეს უნდა გახდეს ქართული პოლიტიკის სლოგანი და მაშინ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ყველანაირი კომპრომისი ძლიერ მხარედ ჩაითვლება. პოლიტიკურ პროცესებზე უფრო მეტად სახიფათო მაინც არსებული ეპიდვითარება მგონია. გავიარეთ პირველი ტალღა, მეორეც, მივადექით მესამე ტალღას უფრო მეტი მუტირებული შტამით და უკვე ბევრი გარდაცვლილი ადამიანით. ამ საკითხში არ მიმაჩნია მართებულად სპეკულაცია, პოლიტიკური სარგებლის ძიება და უადგილო კრიტიკა. უმჯობესია აქაც „ერთი სამშობლოს“ პრინციპით ვიმოქმედოთ, სადაც ერთი საზოგადოება არის რისკის ქვეშ - ესენი არიან ჩვენი დები, ძმები, მშობლები, შვილები და თანამოქალაქეები, რომლებსაც ერთი პოლიტიკური მრწამსი ვერ ექნებათ. პროცესი რთულად სამართავია, მისი მართვა უჭირს მთელ მსოფლიოს. საქართველომ ყველაზე რთულ პერიოდში შეძლო და არც ერთი პაციენტი მკურნალობის გარეშე არ დარჩენილა. მაგრამ დღემდე 4 ათასამდე ადამიანი დავკარგეთ, თუმცა მსხვერპლი შესაძლოა გაცილებით მეტი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, სჯობდა მეტი ვაქცინა გაკეთებულიყო და ნაკლები მსხვერპლი ყოფილიყო, მაგრამ ჩასაფრება, ქილიკი ამ საქმეს ნამდვილად არ წაადგება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტის სხდომაზე „ლელოს“ წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, ისტორიულ შეთანხმებაზე ხელმოწერით მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ კომპრომისი, როდესაც ეს არის სახელმწიფოსთვის აუცილებელი.
„მადლობა მათ იმ ყოველდღიური მუხლჩაუხრელი, ხშირად შეუმჩნეველი და დაუფასებელი შრომისთვის და ბრძოლებისთვის, რასაც ისინი ამ სახელმწიფოსთვის ეწევიან. თუ რამეზე დგას დღეს ქართული სახელმწიფო, ეს არის სწორედ ჩვენი მოქალაქეების ხშირად ძალიან უსამართლო გარემოში წარმოებული შრომა და ბრძოლა, განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ჩვენს ემიგრანტებს, მსოფლიოს რომელ კუთხეშიც უნდა იყოთ და ატარებდეთ საქართველოს სახელმწიფოს იდეას; ასევე, განსაკუთრებით მინდა, მივესალმო ე.წ. საზღვრისპირა და ე.წ საზღვრის მეორე მხარეს მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს, მთავარი ამოცანა და გამოწვევა ჩვენთვის დღეს არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და უმთავრესად პარლამენტი გადავაქციოთ საქართველოს მოქალაქეების ნების ამსახველ, სამართლიან და მათი ინტერესების დამცველ მთავარ მოკავშირედ, პარტნიორად. დღეს ასე არ არის. ასევე, მინდა, მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ მიშელს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს ერთგულ და გონიერ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებმაც გაწიეს ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, შეუქცევადად დადგეს ევროატლანტიკური განვითარების გზაზე. ბოლო თვეებში მათი გამოჩენილი ძალისხმევა განსაკუთრებით დასაფასებელია მიმდინარე კრიზისში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
კრიზისი არ არის დასრულებული, ვიდრე სრული ოპოზიციური სპექტრი ჩვენს ქვეყანაში არ არის გაერთიანებული ამ შეთანხმების გარშემო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, ქვეყანა წინ ვერ წავა, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის, რომ ეს ამნისტია მის უფლებებს არღვევს.
„ჩვენ უახლოეს დღეებში გვმართებს ძალიან ფართო, საზოგადოებრივი დისკუსია ამნისტიის კანონპროექტზე. ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ცხადია, ვიცავთ სულისკვეთებას იმ შეთანხმების, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. და ბოლოს, ამ ქვეყნის ისტორია არის სავსე მწვავე დაპირისპირებით, სავსე ტკივილით, სავსე მძიმე პოლიტიკური შეცდომებით და ეს შეთანხმება შესაძლებლობა იყო, მათ შორის ჩვენთვის, რომ მიგვეღწია მართლაც ფართო ეროვნული კონსენსუსისთვის და ბევრ საკითხზე დაგვეხურა, თუ შეიძლება ითქვას, ისტორიული თავი. დაგვეხურა ბევრი საკითხი, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების წაგება და მოგება არის უბრალოდ ერთი მორიგი პოლიტიკური მოვლენა და არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყება, ვიღაცა მიიღებს ყველაფერს და ვიღაცა დაკარგავს ყველაფერს. ჯერჯერობით ჩვენ კიდევ გვაქვს შანსი, თუ ეს ხელშეკრულება შევძელით და მოვიყვანეთ სისრულეში, ჩვენ გვექნება კიდევ წინ შანსი, რომ გავაგრძელოთ სწორედ ამ გზით სიარული, ქვეყნის კონსოლიდაციის გზით სიარული“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„მინდა საკოორდინაციო საბჭოს მივმართო და ჩვენი ინგილოების სატკივარი შევატყობინო, რომელიც პანდემიის გამო შექმნილ დიდ გამოწვევას უკავშირდება“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლადო კახაძემ.
„იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები აცრილები არიან და მათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ. მიუხედავად ამისა, ეს გამშვები პუნქტი მათ არ ატარებს საქართველოს ტერიტორიაზე. ამის გამო, ისინი იძულებულნი არიან წავიდნენ ბაქოში და ბაქოდან ჩამოვიდნენ თბილისში, რაც ძალიან უძვირებთ მათ ჩვენს ქვეყენაში ჩამოსვლას. იქნებ არსებობდეს იმის მზაობა, როგორც ეს განვითარებულმა ქვეყნებმა დაამკვიდრეს, რომ ასეთი ცნობის პირობებში ჩაიხსნას ბიუროკრატიული ბარიერი და უსაფრთხოების პირობების გარანტიით ის ადამიანები ადვილად შემოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლადო კახაძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის თქმით, დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის განმუხტვისთვის. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ამისათვის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენს ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, პარტნიორებს, გულშემატკივრებს, რომლებმაც არც ერთ ეტაპზე არ მიატოვეს ეს ქვეყანა, მინდა მადლობა გადავუხადო იმის გათვალისწინებით, რომ დღეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა კრიზისის განმუხტვისთვის, რაც საკმარისი არ არის და ძირითადი გზა წინაა. ამ ძალიან რთულ, მტკივნეულ და ხანგრძლივ მოლაპარაკებებში მათ გააკეთეს ყველაფერი, რომ შეთანხმებისთვის მიგვეღწია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეთანხმება იყოს უფრო ფართო და ჩვენი ყველა ოპოზიციონერი კოლეგა შემოუერთდეს ამ დოკუმენტს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არის პირველი ნაბიჯების გადადგმა, რათა საზოგადოებაში გაჩნდეს ნდობა თითოეული ჩვენგანის მიმართ“, - განაცხადა ხათუნმა სამნიძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე გამოთქვა სურვილი, საქართველოში საბოლოოდ დასრულდეს დრო, როცა სხვისი გათვალისწინება პოლიტიკაში მოსულებს არ შეეძლებათ.
„დღეს აქ სხვებთან ერთად ჩემი შემოსვლის ერთადერთი ახსნა, ერთადერთი გამართლება ისაა, რომ მინდა ყველასთან ერთად, ვისაც ეს სურვილი ამოძრავებს, მოვახერხოთ, რომ საქართველოში ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ საბოლოოდ დასრულდეს დრო, როცა სხვისი გათვალისწინება პოლიტიკაში მოსულთ, არ შეგვიძლია, იქნება ეს ოპოზიციონერი, თუ უბრალოდ სხვა ადამიანი, მედიის წარმომადგენელი თუ თუნდაც დამნაშავე“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტში თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება.
„მივესალმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც დღეს შემოვიდნენ პარლამენტში. ვულოცავ მათ ამ გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს არის ნამდვილად სწორი და ამ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილება, საითაც ძალიან დიდხანს მივდიოდით ჯერ ერთად, მერე ცალ-ცალკე, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივედით იმ შედეგამდე, რომ დღეს პარლამენტი ასე თუ ისე შედგა და ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით პოლიტიკური ჯგუფების, არის წარმოდგენილი. ძალიან რთული დრო გამოვიარეთ ყველა ჩვენგანმა, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მივიღებდით ჯერ ჩვენ, მერე ალბათ ისინი, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნის საუკეთესო მომავლისთვის აქ მუშაობა არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ჩემი თხოვნაც, აზრიც არის ის, რომ დავასრულოთ ის პერიპეტიები, რაც ჩვენ განსაკუთრებით ოპოზიციის შიგნით გვქონდა ერთმანეთთან, დავასრულოთ ოპოზიციის ზიზღზე აგებული პოლიტიკა, რადგან ბევრი მაგალითი მივეცით ჩვენს მოქალაქეებს, როგორ შეიძლება გვძულდეს ერთმანეთი, მაგრამ ძალიან ცოტა მაგალითი მივეცით, როგორ შეიძლება პატივს ვცემდით ერთმანეთის აზრს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„საინტერესო დღეა დღეს, კარგია რომ ოპოზიციის ადგილები შეივსო, ადრე სჯობდა ეს მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს,“ - ასე გამოეხმაურა ალექსანდრე ელისაშვილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენელთა შესვლას.
„მე და ლევან იოსელიანი თებერვლის დასაწყისში შემოვედით, ევროპელი სოციალისტების შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენი გადაწყვეტილების გამო, იმის გამო, რომ აქ შემოვედით, ძალიან დიდი ზიზღი და სიძულვილი მივიღეთ ზოგიერთისგან, აქ რომ არის წარმოდგენილი, გარეთ რომ არიან იმათაც ვგულისხმობ. ჩვენ ამას ვითმენდით და ვიტანდით, რატომ? იმიტომ რომ ეს ქვეყანა გვიყვარს და ვიცით, რომ ჩვენი შემოსვლა იყო სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, და მეორე მიზეზი, რატომაც ვითმენდით, იყო ის, რომ დღევანდელი დღე მოვიდოდა და მხოლოდ ექვსი კაცი ოპოზიციიდან არ ვიქნებოდით ამ დარბაზში წარმოდგენილები“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღების შესახებ ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, პოზიციამ და ოპოზიციამ ნამდვილად ერთად უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთობლივი ძალისხმევით გავხადოთ ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა და ყველამ ვაღიაროთ ამ ხელოვნური კრიზისის გამო, ამ დღემ 6 თვე დააგვიანა. 6 თვე დააგვიანა იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მონაწილეობა მიეღოთ იმ მთავარი პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან, რომელიც დაკავშირებულია იმ ეკონომიკურ კრიზისთან, რომელიც პანდემიას თან სდევს და მსოფლიოში მძვინვარებს და, რა თქმა უნდა, ზოგადად, ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს გამოწვევას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაბიჯი ჩვენი მხრიდან გადადგმულია, გადადგმულია საქართველოს უკეთესი მომავლისაკენ, გადადგმულია იმისათვის რომ 2024 წელს ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს შესაძლებლობა და ყველამ ერთად, არა მარტო ჩვენ, არამედ თქვენც, მივიღოთ გადაწყვეტილება და ევროკავშირს მივმართოთ ჩვენს სრულუფლებიან წევრობაზე. ეს არის მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ უნდა გვამოძრავებდეს, ეს არის მთავარი გზავნილი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
უფრაქციო პარლამენტის წევრმა, „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა დავით ზილფიმიანმა იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კონსტრუქციული იქნება და საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის გარეთ დარჩენილი ნაწილიც მალე ჩაერთვება.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა პარლამენტში. ძალიან მახარებს კონსტრუქციული ოპოზიციის ზრდა პარლამენტში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი კონსტრუქციულობა ამით გაიზრდება და ყველა ერთმანეთს გვერდში დავუდგებით იმაში, რომ არ დავამსგავსოთ დღევანდელი პარლამენტი მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს, სადაც მტრობის და ლანძღვის მეტი არაფერიო სუფევდა. უფრო მეტიც, ის რაც დღემდე გაკეთდა პარლამენტში ოპოზიციის მიერ საკანონმდებლო კუთხით, მთელი ოთხი წლის განმავლობაში არ გაკეთებულა მე-9 მოწვევის პარლამენტში. ჩვენ პარლამენტში შემოსვლას შეურაცხყოფის ზღვა მოჰყვა, მაგრამ მე ვერ ვიხელმძღვანელებ ამ ფაქტორით. თქვენ გაქვთ ჩემი გამოწვდილი მეგობრული და კოლეგიალური ხელი. იმედი მაქვს, რომ მომავალში შევძლებთ ქვეყნის სასიკეთოდ მეგობრულ და კოლეგიალურ ქმედებების განხორციელებას. იმედს ვიტოვებ, რომ გარეთ დარჩენილ ოპოზიციასაც მალე ვიხილავთ პარლამენტში“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
„ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, უმრავლესობა მზად არის განიხილოს ოპოზიციის კონსტრუქციული შემოთავაზებები ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან დაკავშირებით.
„დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ. ჩვენ, უმრავლესობის წევრები, მთელი ამ თვეების განმავლობაში ერთ ხმაში ვამბობდით - მორჩით ამ კინკლაობას, დიალოგი და დისკუსია გავაგრძელოთ პარლამენტში. მიხარია, რომ დღეს როგორც იქნა ჩამოყალიბდა ოპოზიცია, დიალოგს და კონსტრუქციულ დებატებს ალტერნატივა არ გააჩნია. ასევე, მინდა მოგილოცოთ, რომ ოპოზიცია გათავისუფლდა სააკაშვილის და ბოკერიას მძევლობიდან. ეს უნდა ითქვას ცალსახად და ამას თქვენც აღიარებთ სხვადასხვა ეთერებში. პირადად მე, ისევე როგორც ჩვენი გუნდი, მზად ვართ თუ იქნება კონსტრუქციული შემოთავაზება, ინიციატივა ეკონომიკის შესახებ, ბიზნესის მხარდაჭერის შესახებ განვიხილოთ. ეს არის მოსახლეობის დაკვეთა, ეს არის ჩვენი ამომრჩევლების ამოცანა, რომელიც დაგვისახეს და გაგვიხარდება თუ ამას თქვენთა ერთად, ყველა ეერთად გავიაზრებთ და გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, მნიშვნელოვანია სრულფასოვნად მოხდეს ხელმოწერილი შეთანხმების შესრულება.
„სასიამოვნოა, რომ დღეს ვხედავთ იმ ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც უნდა აღმშენებლობა. ბევრი მათ შორის არის ჩემი მეგობრები. დარჩა კიდევ გარკვეული ნაწილი ოპოზიციისა, რომელსაც უნდა ქვეყნის დანგრევა. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია იყო გარეთ და სრულიად გაუგებარი მოთხოვნები გქონდეს.
ჩვენმა პარტნიორებმა დასავლეთში, მართლაც დიდი შრომა ჩადეს, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო, რომელსაც ჩვენც „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოვაწერეთ ხელი იმისათვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს.
ეს ჩვენს პატარა ქვეყანას და ამ მდგომარეობას, რაშიც დღეს ვიმყოფებით, ძალიან სჭირდება. ახლა მთავარია სრულფასოვნად შევასრულოთ ის შეთანხმება მივიყვანოთ ბოლომდე, რაზეც ხელი მოვაწერეთ“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
„გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მისი სურვილია, შეთანხმებამ იმედი არ გაუცრუოს ქართულ საზოგადოებას.
„მინდა, რომ ამ დარბაზში კეთდებოდეს რეალური პოლიტიკა და მინდა, რომ ეს ნამდვილად იყოს პარლამენტი, დიდი ხანია ეს შენობა არ ყოფილა პარლამენტი რა გაგებითაც მე პარლამენტი წარმომიდგენია, მინდა, რომ შევძლოთ ერთმანეთის მიერ წარმოთქმული საღი აზრის დანახვა; ერთმანეთს არ ვაგინოთ, არ ვცემოთ, მაგრამ ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ ყველაფერზე, რაც გვაწუხებს, გვაწუხებს ჩვენ და აწუხებს ამ ქვეყანას. მე მინდა, რომ შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება. არ შეიძლება ადამიანურობაზე უარის თქმა. მინდა, რომ უდანაშაულო ადამიანები არ ისხდნენ ციხეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, მისი სურვილია, გადადგან ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად.
„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საპარლამენტო კრიზისი განმუხტული არ არის.
„აქ მოვისმინე, კრიზისი აღარ არისო და თან ხელოვნური კრიზისიაო. კრიზისი არ იყო დამოკიდებული აქ ვიღაც შემოვიდოდა თუ არ შემოვიდოდა, ეს არაფერს ცვლის. ვიდრე გარეთ ადამიანებს იმედი არ გაუჩნდებათ, რომ შეიძლება ამ ქვეყნიდან რაღაც გამოვიდეს, ვიდრე არ გადაწყვეტენ, რომ აქ იცხოვრონ, აქ ღირს დარჩენა, შვილების გაჩენა, აქ ღირს რაღაცების გაკეთება, მანამდე ეს კრიზისი დაძლეული არ იქნება. მიუხედავად იმისა, ორი პარლამენტარი შემოვა ოპოზიციიდან თუ 22, ეს არაფერს შეცვლის. ეკონომიკური პრობლემების დაძლევას სჭირდება ეკონომიკის გააზრება, როგორ მუშაობას ეკონომიკა და სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი, რომ ეს ყველაფერი დაიძლიოს," – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 6 თვე დასჭირდა შეთანხმების მიღწევას, ბოიკოტის პირობებში, უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით.
„6 თვე დასჭირდა შეთანხმების მიღწევას, ბოიკოტის პირობებში, უმნიშვნელოვანეს საკითხზე რომელიც არის საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე რომელიც არის სასამართლოს რეფორმა. ამას დაჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობა. მინდა გითხრათ რამდენიმე ფაქტი, სად ვართ და სად ვიყავით 8 წლის წინათ. მინდა გითხრათ, რომ ყველა ინდექსში თითქმის ბოლო ადგილზე ვართ. ამ პერიოდში თქვენ, 6 პრემიერი გამოცვალეთ, 8 წლის განმავლობაში და არც ერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის დაწყებული თუნდაც იდეა და პროექტი იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროექტი. ამ ქვეყანას სჭირდება, ეკონომიკური რევოლუცია. წინა საარჩევნოდ ასფალტის დაგება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, იმ ასფალტსაც კი, რომ ვერ აგებს წესიერად. ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი შესულია გარიგებაში ტენდერების საშუალებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, ბექა დავითულიანის განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმით, რომ დაკარგული თვეების შემდეგ, ოპოზიცია შემოვიდა ამ დარბაზში და ამ დარბაზში ასახული სურათი მიუახლოვდა ქართველი ხალხის გამოხატულ ნებას.
„ამ დარბაზში დღეს ყველა ერთად შევიკრიბეთ ახალი ფურცლის გადასაშლელად და მე იმედი მაქვს, რომ ამ ფურცელს გადავშლით და დავიწყებთ მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე საუბარს და შეთანხმებას ამ ქვეყნის მომავალზე. ვინაიდან იმ გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს ჩვენ გარშემო ხდება და პანდემიის დამანგრეველი ეფექტის გათვალისწინებით, შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი ბოლო შესაძლებლობა, როცა ჩვენ შეგვეძლება ნაკლები დანაკარგებით ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქ ერთად შეკრებით, აქ ჯდომით და რეალური საკითხების განხილვით, არა გამოგონილ ცრუ ბრალდებებზე თვეების გაყვანით, ჩვენ შევძლებთ ამ დარბაზში დავბადოთ იმედი ჩვენი მოსახლეობისთვის და არა ნიჰილიზმი და ამ ქვეყნიდან გაქცევის სურვილი“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის დღევანდელი პარლამენტი გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და სრულყოფილია და შესაბამისად, ამ პარლამენტში იქნება მწვავე დებატები, როგორც ოპოზიციასა და უმრავლესობას შორი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. რაც არის პარლამენტის ბუნებრივი მდგომარეობა და პოლიტიკური ბრძოლის ლოგიკა.
„ქართული ოცნება“ ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისათვის, რომ ქვეყანა არ ასცდეს განვითარების იმ გზას, რაც საბოლოო ჯამში ჩვენს დამოუკიდებელ, დემოკრატიულ სახელმწიფოს მიიყვანს ცივილიზებულ ერთა ოჯახში. გამომდინარე აქედან, იმ დოკუმენტშიც, რომელიც ამ, მე ვიტყოდი, ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან გამოსასვლელად დადო ევროკავშირმა და ჰქვია „საქართველოს უკეთესი მომავლის გზა“, სწორედ ამ უკეთეს მომავალზეა ლაპარაკი და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ახლა, რომ ამ დოკუმენტის შესრულებით და იმპლემენტაციით ვიყოთ ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანის და ხელმოწერის ერთგულნი. მე მესმის, რომ გარკვეული პარტია, გარკვეული პოლიტიკოსი თავისი შიდა დღის წესრიგიდან გამომდინარე ასახელებს პოლიტპატიმარს, არშემდგარ არჩევნებს, არარსებულ სასამართლო სისტემას, მაგრამ ეს დოკუმენტი ითვალისწინებს იმას, რომ საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის. გარკვეული ძალების მხრიდან არის ასოცირება ვიღაცის პოლიტიკური საქმიანობის გამო თითქოს სამართლებრივი დევნა აქვს; არის ასოცირება იმისა, რომ სამართალი არ არის ყოველთვის ობიექტური და ა.შ. ამიტომ, ეს არის დოკუმენტი, რომლის სულისკვეთებაცაა თუ როგორ შეგვიძლია დღევანდელი მდგომარეობის გაუმჯობესება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადს გამოეხმაურა ქვეყნის მასშტაბურ განახლებასთან დაკავშირებით.
„ეს არის ოთხწლიანი პროექტი, რომლის სახელია „განახლებული რეგიონები“ და რომლის მიზანია ქვეყნის ყველა რეგიონის, 63-ვე მუნიციპალიტეტის სწრაფი და თანაბარი განვითარება. ეს პროგრამა რეგიონებში გააჩენს ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, შექმნის ახალ მიზიდულობის ცენტრებს და ახალ სამუშაო ადგილებს. მხოლოდ პროექტის განხორციელების პერიოდში დასაქმდება 15 000-მდე ადამიანი. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია, რომლის დაახლოებით 1/3 დონორებისგან მოზიდული თანხებია. იგი ითვალისწინებს ისეთი პროექტების დაფინანსებას, რომლებიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული მუნიციპალიტეტისა თუ რეგიონის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და მოიცავს უაღრესად მნიშვნელოვან სფეროებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პროცესში სრულად იქნება ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა. ამგვარი ჩართულობის ძალიან კარგი გამოცდილება დაგროვდა თუნდაც ე.წ. „სოფლის პროგრამის“ განხორციელების დროს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა წუთიერი დუმილით გამოხატეს სამძიმარი და პატივისცემა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალების გამო.