საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აკირა იმამურას შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 თებერვალი 2021
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აკირა იმამურას შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, აკირა იმამურასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები.

„იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის, ასევე ორმხრივი საინვესტიციო შეთანხმების გაფორმების კუთხით, განსაკუთრებით ბოლო დროს, მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს.

ვისაუბრეთ, როგორ უნდა გააქტიურდეს, დამატებით, იაპონური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი და ჩვენი მხრიდან ამ პროცესს სრული მხარდაჭერა აქვს.

ბატონმა ელჩმა გამოთქვა სურვილი, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით მიწვეული იყოს იაპონიაში, რაც ხელს შეუწყობს საპარლამენტო ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებას“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ ბატონ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებაც.

აღსანიშნავია, რომ ელჩმა იმამურამ დაადასტურა იაპონიის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე გამოხატა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის სრული მზაობა, რაც დამატებით გარანტიებს შექმნის იაპონური ინვესტიციების მოზიდვისთვის ქვეყანაში.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ იაპონიის საელჩოს მრჩეველი საქართველოში, ჰინო შიკი, ალექსანდრე დავითაშვილი, პოლიტიკის და ეკონომიკის ოფიცერი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, ნინო ფანჯიკიძე.