პარლამენტის წევრი, საქართველო-რუმინეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი რუმინეთის საელჩოში გამართულ მიღებას დაესწრო და დამსწრეთ სიტყვით მიმართა:
„მაქვს პატივი, როგორც საქართველო-რუმინეთის პარლამენტის წევრების მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, შევიტანო ჩემი წვლილი საქართველო-რუმინეთის ურთიერთობების გაღრმავებაში. ვსარგებლობ შემთხვევით, გულწრფელად მინდა აღვნიშნო, რომ ბედნიერი ვარ რუმინეთის ელჩთან, მის აღმატებულება რადუ ჰორუმბასთან და საელჩოს სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობებით. პირველივე დღიდან თქვენი მიდგომა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში იყო და დღესაც არის შედეგზე ორიენტირებული და საქმიანი. თქვენ ღირსეულად წარმოადგენთ რუმინეთს, ქვეყანას რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და რომელმაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობები მომავალშიც იქნება სასარგებლო, როგორც ხალხს შორის მეგობრობის, ასევე საერთოდ ჩვენი ქვეყნებისთვის. მე და თქვენ, ბატონო რადუ, მოვაწყვეთ რამდენიმე შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, პარლამენტის მეგობრობის ჯგუფის მიღების დროს და სხვა. ჩვენ შორის დაგეგმილია საინტერესო ღონისძიებები, რომლებსაც აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, მათ შორის, თბილისის და ბუხარესტის ცალკეული რაიონების დამეგობრება, თბილისში ერთ-ერთი ქუჩისთვის ბუხარესტის სახელის მინიჭება, ცნობილი საზოგადოებრივი მოღვაწის ანთიმოზ ივერიელის სკვერის მოწყობა და სხვა“, - განაცხადა ისკო დასენმა.
მიღებას რუმინეთის ელჩი, რადუ ლივიუ ჰორუმბა, რუმინეთის საელჩოს და სხვადასხვა დიპლომატიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.