საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

პარლამენტში მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საფუძველზე მიღებულ კანონთა პაკეტის არსზე და განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 23 მარტი 2021
პარლამენტში მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საფუძველზე მიღებულ კანონთა პაკეტის არსზე და განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ  და  დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ერთობლივ სხდომაზე   საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საფუძველზე მიღებულ კანონთა პაკეტის არსზე და განხორციელების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

საკითხის განხილვამდე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვა და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

„დათა ვანიშვილი არის სიმბოლო არა მარტო იმის, რასაც ოკუპაცია ჰქვია, არამედ  არის  ადამიანის სიმტკიცის,  თავისი ქვეყნის და  ეთნიკური ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულების სიმბოლო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საქართველოს კეთილი, ჭკვიანი,  პატრიოტი ადამიანის გარდაცვალებას და „სამოქალაქო თავდადების“ მედალი, რომლითაც იგი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდება, მას ნამდვილად  ეკუთვნის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.  

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების შესახებ.

პირველ რიგში მომხსენებელმა  ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის სავალალო შედეგებზე როგორც პოლიტიკური, ასევე უსაფრთხოების,  ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, ამ დრომდე განიცდის საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევას, რაც მოიცავს გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფას, უკანონო პატიმრობას და ამ მხრივ განსაკუთრებით შემაშფოთებელია გალსა და ახალგორში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობა, რომლებიც ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლი არიან.

„მათ მიზანმიმართულად შეზღუდული აქვთ იმგვარი უფლებებით სარგებლობა, რაც ხელმისაწვდომია მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვის. მძიმე უფლებრივ მდგომარეობას ემატება ადგილზე არსებული ჰუმანიტარული ვითარება, რამაც ახალგორის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი ჩაკეტვის გამო, ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. მოგეხსენებათ, რომ სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 5 მოქალაქე, ხოლო გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და დავით ბაშარულის მკვლელობაში ბრალდებული პირები ამ დრომდე დაუსჯელნი რჩებიან. მიუხედავად მავთულხლართისა და ფიზიკური ბარიერებისა, რომელიც ჩვენ ქვეყენაში დაახლოებით 100 კმ გადაჭიმული,  ჩვენ არ შევეგუებით არსებულ ვითარებას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ძირითად ქვაკუთხედს წარმოადგენს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა.

„ჩვენი ამოცანაა, რომ კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა სარგებლობდეს იმავე შესაძლებლობებით, პროგრამებითა და სერვისებით, რაც ხელმისაწვდომია დანარჩენ საქართველოში მცხოვრები პირებისთვის. შესაბამისად, მათზე ზრუნვა და უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი ამოცანა, ასევე, არის ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის გაუცხოების დაძლევა, ადამიანებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და ნდობის მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ყოფით დონეზე კონფლიქტის მოგვარებისთვის. დასახული ამოცანების მისაღწევად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვდგამთ თანმიმდევრულ და დინამიურ ნაბიჯებს, ვგეგმავთ და ვახორციელებთ ისეთ პროგრამებს, რაც შეძლებისდაგვარად მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტიურად ყველა სფეროს - ჯანდაცვას, განათლებას, სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას, გარემოს დაცვას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. მიმდინარე ოკუპაციისა და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში, ასევე ადგილზე განხორციელებული პოლიტიკის გათვალისწინებით, ჩვენ გვიწევს ვიყოთ კრეატიულები, გამოვნახოთ სტატუს-ნეიტრალური გზები და შევქმნათ უნიკალური ინსტრუმენტები იმისთვის, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გავუხსნათ სხვადასხვა შესაძლებლობებით სარგებლობის გზები. სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ სწორედ ამგვარი მიდგომის შედეგია“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო ინიციატივის თანმდევი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავდა სამ მიმართულებას:

1. ვაჭრობის წახალისება გამყოფი ხაზების გასწვრივ; 2. განათლების შესაძლებლობების განვითარება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის; და 3. სხვადასხვა სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გამარტივება.

„2019 წელს დასრულდა ინიციატივის ამოქმედებისთვის აუცილებელი სამართლებრივი პროცესი, რომელიც გულისხმობდა სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტების სრულ შესაბამისობაში მოყვანას პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან. შედეგად, ცვლილება განხორციელდა 8 სამართლებრივ აქტში და მიღებული იქნა 5 სრულიად ახალი აქტი, რომლებიც ეხებოდა ინიციატივით გათვალისწინებული სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების დანერგვასა და ამოქმედებას. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საქართველოს პარლამენტის და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების აქტიური მუშაობით განხორციელდა, ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს ვაჭრობისა და განათლების მიმართულებით ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის. თუმცა, იმავდროულად, ამ სიკეთეებით სარგებლობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკრეტული მექანიზმების შექმნა და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, 2019 წლიდან მოყოლებული შეიქმნა და ამოქმედდა ინიციატივით გათვალისწინებული სხვადასხვა ფინანსური და საგანმანათლებლო ინსტრუმენტი,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, უწყებამ მოახერხა სამშვიდობო ინიციატივის უნიკალური ფინანსური მექანიზმის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედება.

„ეს არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ერთადერთი მიზანია მოემსახუროს ინიციატივის მიზნებს და გააუმჯობესოს ოკუპირებული რეგიონების ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამ გზით ფონდი ხელს უწყობს ადამიანებს შორის ეკონომიკურ, საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. ფონდმა უკვე ჩაატარა პირველი საგრანტო კონკურსი და ამჟამად მიმდინარეობს გამოვლენილი 14 წარმატებული პროექტის დაფინანსება. აღნიშნული პროექტები მოიცავს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებას, ასევე წარმოებასა და პროდუქციის გადამუშავებას, რაც თავის მხრივ ნათლად ავლენს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ საჭიროებებსა და მოსახლეობის ინტერესს. ჩვენ მიერ საერთაშორისო დონორებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, ფონდის საქმიანობაში კონტრიბუციის მზადყოფნა უკვე გამოხატეს გერმანიამ და შვეიცარიამ, თუმცა არიან რიგი სხვა დონორები, რომლებიც, ასევე, აპირებენ ფინანსური დახმარების გაწევას.  მნიშვნელოვანია, რომ 25 წლის განმავლობაში ჩვენ პირველად შევქმენით უნიკალური შესაძლებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, სტატუს-ნეიტრალური რეგისტრაციის საფუძველზე, ჩაერთონ ეკონომიკურ ურთიერთობებში გამყოფი ხაზების ორივე მხარეს, გადმოიტანონ პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გასაყიდად და ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის იმ მექანიზმებით, რომელიც საქართველოს გააჩნია სხვადასხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, განათლების მიმართულებით, ასევე მოქმედებს უნიკალური ინსტრუმენტი -  სკოლის შემდგომი განათლების მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც პირველად ქმნის შესაძლებლობას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის გალსა და ახალგორში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა საერთო ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროგრამა ითვალისწინებს როგორც საცხოვრებლით, ასევე სტიპენდიით უზრუნველყოფას.

თეა ახვლედიანმა, ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გამარტივების კუთხით, სამშვიდობო ინიციატივის ამოქმედების შედეგად გამარტივდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის წვდომა სხვადასხვა სამოქალაქო აქტებზე, რაც ხორციელდება  ერთი ფანჯრის პრინციპით.

სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ არის დადასტურება საქართველოს მთავრობის მზადყოფნის, მოსახლეობის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, გააფართოვოს დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან.

„ჩვენი სურვილია, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესი გახდეს უფრო ინტენსიური და ეფექტიანად იქნას გამოყენებული კომუნიკაციის ყველა არსებული არხი, ასევე, მოხდეს ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირება და დიალოგის პლატფორმების განვითარება, რომელთა მიზანი იქნება მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, კრიტიკული მნიშვნელობისაა უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა.

„კრიტიკული მნიშვნელობის არის უფასო ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა, რომლის მიმდინარეობა პანდემიის დროსაც კი არ შეფერხებულა. 2020 წელს პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვუმკურნალეთ 900-მდე პაციენტს. გარდა ამისა, პანდემიის მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიჩერებია აფხაზეთის რეგიონის საჭირო მედიკამენტებით, მათ შორის, სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგება, რომელთა წლიური ღირებულება მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ჯანდაცვის საერთო კომპონენტებზე დახარჯული თანხა კი, ჯამში 5 მილიონ ლარს აჭარბებს. გლობალური პანდემიის ფონზე, ჯანდაცვის მიმართულებით 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელობა შეიძინა ოკუპირებულ რეგიონებში მოსახლეობის დახმარებამ. იყო ოთხი ძირითადი მიმართულებით:

1. ცნობიერების ამაღლება - ყველა საინფორმაციო მასალა, მათ შორის, NCDC-ის პროტოკოლები ითარგმნა და გავრცელდა აფხაზურ და ოსურ ენებზე; ამ ენებზევე ამოქმედდა ვებგვერდი stopcov.ge;

2. ექსპერტიზის გაწევა - ჩვენ ხელი შევუწყვეთ ჯანმო-ს ექსპერტების რამდენიმე ვიზიტს აფხაზეთის რეგიონში სიტუაციის შესასწავლად. ამასთან, ქართველ და აფხაზ ინფექციონისტებს შორის ხორციელდებოდა რეგულარული ონლაინ კონსულტაციები;

3. სამედიცინო საშუალებების მიწოდება - საქართველოს მთავრობის მიერ, ასევე, ჩვენი მხარდაჭერით - საერთაშორისო პარტნიორების მიერ აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად მიეწოდებოდა საჭირო სამედიცინო საშუალებები, რომელთა ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა;

4. და რაც ყველაზე მთავარია - ინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა - ამ დრომდე ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობა გაეწია 400-მდე კოვიდ-ინფიცირებულ პაციენტს,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ცენტრალურმა ხელისუფლებამ არაერთხელ, საჯაროდ თუ დახურული არხების გამოყენებით, დაადასტურა მზაობა ანალოგიური დახმარება გაეწია ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, თუმცა, „ცხინვალის დესტრუქციული მიდგომისა და უარის შედეგად დახმარების გაწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება“.

„ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონში მოქმედ ერთადერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან - წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან იმისთვის, რომ მათი მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს ადგილზე სათანადო ჩართულობა და მოსახლეობის დახმარება,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ამასთან, თეა ახვლედიანმა ისაუბრა სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის გაძლიერებაზე და მათი უფლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვაზე.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხი უნდა იყოს კიდევ უფრო ქმედითი პოლიტიკა და ამ პოლიტიკის გაძლიერება. მისივე თქმით, ამ კონტექსტში იგეგმება ჩართულობის სახელმწიფო კომისიის საქმიანობის გააქტიურება და ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიის გადახედვა, ასევე  ეფექტიანი დაპირისპირება პროპაგანდასთან და ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან.

მოხსენების დასრულების შემდეგ, თეა ახვლედიანმა სხდომის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც შეეხებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, დევნილთა ჩართულობას სამშვიდობო პროცესში, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამებს,  სახალხო დიპლომატიას და კულტურულ ურთიერთობებს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონს და სხვა საკითხებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო განხილული საკითხის მნიშვნელობა.

„თქვენს ანგარიშში კიდევ ერთხელ აღინიშნა ის საკითხები, რაც უკვე გაკეთებულია და რა გეგმებიც გაქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში  ის არის, რომ პროცესი დაწყებულია. დღევანდელი  ფორმატი იძლევა იმის საშუალებას, რომ დაისვას ახალი საკითხები დამატებითი წინადადებების სახით.  რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც  ოკუპირებულ ტერიტორიებზე  ცხოვრობენ, ისევე ხელმისაწვდომი იყოს ის შესაძლებლობები, რომლებითაც სარგებლობენ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ვხედავთ, რომ ამისთვის არ იზოგება ძალისხმევა, არის პროგრესი და ამ მიმართულებით თქვენ გექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, მთელი რიგი საკითხების გადაწყვეტაში, როგორიც არის  ბიზნესის კეთების ხელმისაწვდომობა, მოქალაქეობის  თემა და სხვა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი უშუალოდ არის ჩართული. მისივე თქმით, კანონპროექტების პაკეტი, რომლებზეც დღეს   გაიმართა მსჯელობა, მიღებულია სწორედ იმისთვის, რომ მოხდეს წინააღმდეგობების დაძლევა.

„მინდა ყველას, ვინც დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს, შევუთვალო დიდი მოკითხვა, პატივისცემის დასტური და მზადყოფნა იმისთვის, რომ საკითხები მოვაგვაროთ მშვიდობიანად, საერთო ჩართულობითა და ენერგიით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისია ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებითაც შეიკრიბება და იმსჯელებს, თუმცა  ერთ-ერთი მთავარი ხაზი იქნება ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების განვითარება, რისი რესურსიც და ეფექტურობის მოლოდინიც არსებობს.