რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს რეგიონებში გასვლით სხდომებს აგრძელებს.
ამჯერად, კომიტეტი ზემო აჭარას, ქედის მუნიციპალიტეტს ესტუმრა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და დაგეგმილ ღონისძიებებს გაეცნო.
სხდომის დასაწყისში ღონისძიების მონაწილეებს კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი მიესალმა.
„მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვა და მოსმენა, რისთვისაც კომიტეტი ქედის მუნიციპალიტეტს ეწვია. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი და სხდომის მიმდინარეობისას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ბევრ საინტერესო კითხვას მოვისმენთ და ერთად ვიმსჯელებთ არსებული გამოწვევების დაძლევისთვის. რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, როგორიცაა მთანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემების და წყალარინების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, თუმცა რჩება ისეთი პროექტების განხორციელება, მათ შორის, ხულო-ზარზმის გზა, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ უკვე ეს პროექტიც დაიწყო და მისი მიმდინარეობის შესახებ მოვისმენთ ინფორმაციას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
კომიტეტის თავმჯდომარე სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების დასწრების ფაქტს მიესალმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცხარე დებატები იქნება, დარწმუნებულია, რომ იმ საკითხებზე რაც საერთოა და საქართველოს მოქალაქეების პრობლემების გადაწყვეტას ეხება, ოპოზიციასთან საერთო ხედვის გამონახვა მოხერხდება და არაპოლიტიკურ თემებზე დებატები გაიმართება.
„რა თქმა უნდა პარლამენტი პოლიტიკური დებატების ადგილია და კომიტეტიც ვერ იქნება გამონაკლისი, მაგრამ მირჩევნია კომიტეტში მეტად ვკონცენტრირდეთ კონკრეტულ თემებზე. ჩემთვის ეს არის ადგილი, სადაც უნდა ვითანამშრომლოთ, რათა გავაძლიეროთ რეგიონები და სწორი კანონმდებლობა მივიღოთ. საქართველოსთვის ყველა ერთ მხარეს ვდგავართ, გარკვეული პოლიტიკური განსხვავებები იქნება და ეს ბუნებრივია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, კომიტეტის წევრმა, ბექა დავითულიანმა, პარლამენტის წევრების მიერ ინიციატივის წესით მომზადებული „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, კანონპროექტი წარმოადგინა.
მომხსენებლის ინფორმაციით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის მშენებლობის ნებართვის მფლობელები სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების შედეგად შედგენილი მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის - საეტაპო ოქმის უფლებამოსილ ორგანოში წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
ამასთანავე, იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მფლობელნი, რომელთა საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში დადგენილია მშენებლობის ეტაპების დასრულება და შესაბამისი ოქმის წარდგენა, საეტაპო ოქმის წარუდგენლობისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობისგან და 2022 წლის 1 იანვრამდე გადაუხდელი ჯარიმა/საურავის გადახდისგან თავისუფლდებიან.
სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილებების მნიშვნელობა შეაფასეს და მისი მიღების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
კანონპროექტით წარმოდგენილ ცვლილებებზე კომიტეტის ოპოზიციონერმა წევრმა, გიორგი ვაშაძემაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საინტერესო კანონპროექტია, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი დეტალურად გაცნობა ვერ მოახერხა და პირველი მოსმენისთვის მხარდაჭერისგან თავს შეიკავებს.
მისი განცხადებით, იგი მზადაა მეორე მოსმენისთვის აქტიურად ჩაერთოს კანონპროექტის განხილვაში და მხარიც დაუჭიროს მის მიღებას.
სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა.
მისი განცხადებით, აჭარაში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობა აქტიურად ხორციელდება და ტერიტორიაზე შენდება კომპლექსი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრების ღირსეული პირობები შეექმნება.
„აჭარაში აქტიურად ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა. დასრულდა ბათუმის სტადიონის მშენებლობა, დასკვნით ეტაპზეა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 3400 მაყურებელზეა გათვლილი. დაიწყო ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა ჩაქვში. შემუშავდა მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რაც ასახულია 2021 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში.
მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირების პროექტი აქტიურ ფაზაშია და მოხდება 15 200 აბონენტის გაზიფიცირება. აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტი მიმდინარეობს, რომელითაც 6000 მდე ოჯახი ისარგებლებს წყლის თანამედროვე სისტემით.
აჭარაში ნარჩენების მართვის პირველი თანამედროვე სტანდარტების ობიექტის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.
ამ პროექტის განხორციელებით, აჭარაში გადაიჭრა წლების განმავლობაში არსებული პრობლემა, დაიხურება ბათუმის ღია ნაგავსაყრელი და თანამედროვე ნარჩენების მართვის ობიექტი დაიწყებს ფუნქციონირებას.
მომზადდა კურორტ „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტი.
ამჟამად კურორტზე მიმდინარეობს 27 საინვესტიციო პროექტი რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 170 მლნ ლარია. დასრულდა „მწვანე ტბის“ რეაბილიტაციის პირველი ეტაპი და იწყება მეორე ეტაპის განხორციელება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრების შეკითხვებსაც უპასუხა და რიგ საკითხებზე დამატებით ისაუბრა.
კომიტეტის სხდომაზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მდგომარეობის შესახებ და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა წარმოადგინა.
პარლამენტის წევრი კომიტეტის სხდომებში ოპოზიციის ჩართულობას მიესალმა და მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნა დააანონსა.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ კოდექსში არსებული ჩანაწერი, მხოლოდ ჩანაწერად არ დარჩეს და მისი შესრულებისთვის შესაბამისი ღონისძიებები გატარდეს.
ეკა სეფაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამუშაო პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და ორმხრივი, ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
კომიტეტის სხდომა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებისა და საკრებულოს თავმჯდომარეების ინფორმაციის წარდგენით გაგრძელდა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ინფორმაციით, რეგიონში არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტთან აქტიურად თანამშრომლობს და არაერთ საკანონმდებლო ინიციატივას ამუშავებს.
მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნების უზრუნველსაყოფად, უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს 8 ახალი ინიციატივა გადაეგზავნება, რომლებიც აჭარის რეგიონის საკითხებს ემსახურება.
მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანზორ ბოლქვაძემ რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად პანდემიით გამოწვეული ვითარებისა, რეგიონში არც ერთი პროექტი გაჩერებულა.
მანვე ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე წამოჭრილ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა გადაჭრა და ხელშეწყობა აუცილებლობას წარმოადგენს.
საკითხი შეეხებოდა როგორც მიწის დაკანონების საკითხებს, ასევე ჯანმრთელობის, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
სხდომაზე დეპუტატებმა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ციბაძის ინფორმაცია მოისმინეს, რომელმაც აჭარის რეგიონში მიმდინარე 10 პროექტზე ისაუბრა, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის მიმდინარეობაზე გამახვილდა.
კომიტეტის სხდომაზე მოხსენებები და ინფორმაციები აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა, სს „აჭარის წყლის“ ალიანსის დირექტორმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და სივრცითი მოწყობის და ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსმა წარმოადგინეს.
სხდომის დასასრულს, გასვლითი საკომიტეტო სხდომის შედეგები, კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა შეაჯამა.
„ძალიან საინტერესო გასვლითი სხდომა გავმართეთ მაღალმთიანი აჭარის რეგიონში, სადაც მოვისმინეთ მთელ აჭარაში არსებული მდგომარეობა, ის პრობლემები და გამოწვევები, რაც რეგიონს აწუხებს. გვაქვს ისეთი მიმართულებები, სადაც სერიოზული წინსვლა და პროგრესი შეინიშნება, მაგალითად, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება უნიკალური პროგრამაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა სოფლამდე უნდა მივიდეს. ასევე ხდება ბათუმის ახალციხესთან დაერთება, რომელიც ალტერნატიული სტრატეგიული მაგისტრალია. აქვე უნდა აღინიშნოს მთელ აჭარაში წყლის და წყალარინების 4 წლიანი მასშტაბური პროექტი, რომლის შედეგადაც მუნიციპალური ცენტრები და რიგი სოფლების ნაწილი 24 საათიან წყლის მომარაგებით ისარგებლებს. არის პროექტები, რომლებზეც წლებია ვსაუბრობთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მათი დაწყება გაიწელა, თუმცა, ამ მხრივაც პროცესი დაწყებულია და ველოდებით მათ შედეგებს. კარგი იყო, რომ დღეს ოპოზიციამ პირველად მიიღო კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა და უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი მათი შენიშვნა და წინადადება საკმაოდ კონსტრუქციული იყო. იმედი მაქვს ეს კონსტრუქციული დამოკიდებულება გაგრძელდება არა მხოლოდ საკომიტეტო სხდომებზე, არამედ მთელ საპარლამენტო საქმიანობისას“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.