საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობის კანონმდებლობასთან დაკავშირებით ისაუბრეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეზ კოპაჩმა დღეს გამართულ შეხვედრაზე.
„შეხვედრა შეეხებოდა ევროკავშირთან ჩვენი ვალდებულებების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შენობების ენერგოეფექტურობის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, სადაც გარკვეული დაგვიანება გვქონდა. ამ დაგვიანების მიზეზი იყო ის, რომ კერძო სექტორი, ამ პროცესის სხავადასხვა მნიშვნელოვანი მონაწილეები საჭიროებდნენ დამატებით კონსულტაციებს და ფაქტობრივად, ენერგეტიკაში თამაშის ახალი წესების შემოღებასთან დაკავშირებული გამოწვევების გააზრებას, ახლებურად დანახვას. ამისათვის ჩვენ ვამჯობინეთ, რომ დრო დაგვეთმო მრავალჯერადი კონსულტაციებისათვის, რათა კონსენსუსამდე მიგვეყვანა ის განსხვავებული მოსაზრებები, რომელიც ენერგეტიკაში თავისუფალი ბაზრის არსებობასთან და შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ არსებობდა“, - განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, შენობების ენერგოეფექტურობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო შენობების შესაძლო გაძვირება, მაგრამ დღეისათვის ძირითადი აქცენტები კეთდება შენობების კონკურენტუნარიანობაზე, ხარისხის სტანდარტის ამაღლებაზე. ეს საკითხი ახლა დადებით კონტექსტში განიხილება და გუშინ კომიტეტმა უკვე პირველი მოსმენით განიხილა შესაბამისი კანონპროექტი.
შეხვედრაზე მიმოიხილეს ზოგადად ენერგეტიკის სფეროში არსებული კანონმდებლობა და კანონქვემდებარე აქტების აღსრულებასთან დაკავშირებული მდგომარეობა, როგორც ენერგეტიკის სამინისტროში ასევე მარეგულირებელ კომისიაში.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეზ კოპაჩმა დადებითად შეაფასა მოსმენილი ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლები როზეტა კაროვა, სვიტლანა კარპიშინა და ქეთი სანდროშვილი.