დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდებს საპარლამენტო საქმიანობა, ეკონომიკასთან არსებული გლობალური გამოწვევები და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები გააცნო.
რომან კაკულიამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის ეკონომიკური მიმართულებები მიმოიხილა. სტუდენტური პარლამენტის წევრების კითხვებზე პასუხისას, კომიტეტის თავმჯდომარემ ის ტენდენციები განიხილა, რომლებიც საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ზემოქმედებენ და მათთან რეაგირების ინსტრუმენტებზეც ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს რომან კაკულიამ ახალგაზრდებს საპარლამენტო საქმიანობით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო წარმატებები უსურვა.