თბილისში სახელწოდებით – „საქართველო და მსოფლიო 2020” ეკონომიკური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც პარლამენტის წვერები დავით სონღულაშვილი, რომან კაკულია, ირაკლი კოვზანაძე, პაატა კვიჟინაძე და გიორგი ბეგაძე მონაწილეობდნენ.
კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - „ეკონომისტის“ (THE ECONOMIST) წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020 წელს“ ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება.
წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი დაესწრო, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.
ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ სამ პანელში მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა; ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები.
ასევე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, არსებული გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების გლობალურ კონტექსტში გააზრება-განხილვა ეკონომიკის სფეროს სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე დისკუსია წარიმართება თემებზე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მოდელი – სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დაბალანსებული ინტერესები; საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა გლობალურ კონტექსტში, ინფრასტრუქტურული განვითარება და როლი კონკურენტუნარიანობის ზრდაში; საქართველო ევროკავშირის ბაზარზე – მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია: „დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ეკონომიკური პოლიტიკის დაკონკრეტებას იმისათვის, რომ საზოგადოებას მმართველი გუნდის მიმართ საშუალება მიეცეს შეფასების კრიტერიუმები ჩამოაყალიბოს და შეადაროს ის სხვათა მიერ შემოთავაზებულ ხედვას. სწორია თუ არა ეკონომიკური პოლიტიკა, როგორია ევროპული ხედვები, ასე ვთქვათ, არსებული სიტუაციის ბლიც შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია ორიენტირების ჩამოყალიბებისათვის".
ექსპერტმა ლეშეკ ბალცეროვიჩმა გააკეთა ისეთი მნიშვნელოვანი მინიშნებები, როგორიცაა მეტი პრივატიზება, სახელმწიფოს ნაკლები ჩარევა; განათლების და ინოვაციების როლის გაზრდა. როდესაც ის მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელია ეფექტიანობა პირველ რიგში დავინახოთ კონკურენციაში და რომ ეს კონკურენცია უნდა იყოს აბსოლუტურად ჯანსაღი, ეს ის მკაფიო გზავნილებია, რომლებიც შეიძლება ორიენტირები გახდეს მთავრობისათვის სამომავლო გეგმების შემუშავების პროცესში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი: „ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა მაღალი დონის პროფესიონალების გამოცდილების გაზიარებისთვის, რეკომენდაციებისათვის, ასევე იმ მიღწევებისა და გამოწვევებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს მსოფლიო ეკონომიკასთან მიმართებაში“.