საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო ჯგუფის "Memorial Health Group” ხელმძღვანელებს შეხვდა. ჯგუფი სამედიცინო სფეროში ბიზნესით არის დაკავებული, ფლობს 8 კლინიკას და რამოდენიმე დიაგნოსტიკურ ცენტრს თურქეთში. ამჟამად გამოხატავს დაინტერესებას საქმიანი ურთიერთობები დაამყაროს საქართველოსთან.
შეხვედრისას საუბარი შეეხო კონკრეტულ მიმართულებებს – თურქული სამედიცინო ჯგუფი "Memorial Health Group” და სამედიცინო ცენრტი "Medi Club Georgia" დაინტერესებულნი არიან საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტოლოგიის (გადანერგვის) პროექტების განვითარებით და აღნიშნული მიმართულებით როგორც პრაქტიკული, ასევე მეცნიერულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებით.
"დარგის განვითარება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ყოველწლიურად მოთხოვნა ოპერაციებზე იზრდება. ვინაიდან, საქართველოში ჯერ-ჯერობით არ ხდება მსგავსი ოპერაციების ჩატარება, ქართველ პაციენტებს უწევთ საზღვარგარეთ მკურნალობა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში წამატებულად ხორციელდება თირკმლის ტრანსპლანტაცია", – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
გიორგი წერეთელმა თურქული სამედიცინო ჯგუფის ხელმძრვანელებს გააცნო ის რეფორმები და სიახლეები, რომელიც განიცადა ჯანდაცვის სფერომ უკანასკნელი წლების მანძილზე.
თურქულმა მხარემ სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მათ განაცხადეს, რომ დახმარებას გაუწევენ ქართველი სპეციალისტების გადამზადებას თურქულ კლინიკებში, ასევე, ქართულ კლინიკებს, რათა უფრო აქტიურად დაინერგოს სხვადასხვა ტიპის ტრანსპლანტოლოგიური ოპერაციები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ჩახვაძე, სამედიცინო ცენტრ "Medi Club Georgia"-ს წარმომადგენლები.