სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში” საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და უმცირესობის წევრები: გიორგი ბარამიძე და გიორგი კანდელაკი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო ორი ძირითადი საკითხი: ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, მათ შორის ვანო მერაბიშვილის დაკავება და ივნისში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, უმცირესობა აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული ვიზიტის მომზადებასა და დაგეგმვაში, რათა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, ეს ვიზიტი ყველამ ერთად, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც გამოვიყენოთ იმისთვის, რომ საქართველომ გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანების გზა. ნატოში გაწევრიანება ჩვენი სტრატეგიული არჩევანია. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების მომავლისთვის. ამიტომ, მიუხედავად რთული შიდაპოლიტიკური ვითარებისა, ჩვენ მზად ვიქნებით ისე მოვემზადოთ და ისე დავგეგმოთ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომ ამით მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი საქართველოს ნატოში გაწევრიანებას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.