იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, დღეს არ განიხილება ნიკანორ მელიას დამნაშავეობის საკითხი, არამედ კომიტეტები მსჯელობენ კონკრეტული აღმკვეთი ღონისძიების საკითხთან დაკავშირებით.
„მას დაეკისრა გირაო, რომლის გადახდის წესიც მან დაარღვია. პროკურატურამ უნდა აგვიხსნას, განცხადება, რომლითაც ჩვენ მათ მოგვმართეს, არის თუ არა საფუძვლიანი და უნდა მივცეთ თუ არა შესაძლებლობა მხარეებს წავიდნენ სასამართლოში და უშუალოდ სასამართლოს წინაშე იდაონ იმ საკითხებზე, რაც არის სისხლის სამართლის საქმე. აქედან გამომდინარე, ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ არ ვწყვეტთ პიროვნების დამნაშავეობის ბედს. ჩვენ კონსტიტუციით და კანონმდებლობით მონიჭებული გვაქვს უფლება მივცეთ შესაძლებლობა დაცვის და ბრალდების მხარეებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინონ სასამართლოს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მან ასევე მოუწოდა ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც საბოტაჟის რეჟიმში არიან, მოვიდნენ კომიტეტზე და დასვან შეკითხვები პროკურატურის წარმომადგენლებთან.
„ჩვენ ვიხილავთ საკითხს, რომელიც ეხება ჩვენი კოლეგისათვის, პარლამენტარისათვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს, რომელიც დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით და პარლამენტის რეგლამენტით. უნდა ვიმსჯელოთ და ამასთან დაკავშირებით ჩვენი დასკვნა წარვუდგინოთ პლენარულ სხდომას“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა კომიტეტებს გააცნო საქართველოს გენერალური პროგურორის მიმართვა, სადაც ვრცლად და დეტალურადაა წარმოდგენილი ის სამართლებრივი გარემოებები, რის საფუძველზეც გენერალური პროკურატურა პარლამენტს ნიკანორ მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნით მიმართავს.
სხდომაზე დაისვა მრავალრიცხოვანი კითხვები, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იმყოფებიან ნიკანორ მელიას ადვოკატები სდომაზე, რაზეც ანრი ოხანაშვილმა განმარტება გააკეთა, რომ პარლამენტში არანაირი ოფიციალური მიმართვა არ შემოსულა, ადვოკატების დასწრებასთან დაკავშირებით.
„გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ სასამართლო, რომ მოვუსმინოთ მხარეებს და შევიდეთ საქმის არსებითი განხილვის სიღრმეებში“, - განაცხადა მან.
კითხვა-პასუხის ამოწურვის და ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, ვიდრე კენჭისყრის პროცედურა გაიმართებოდა ანრი ოხანაშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა კოლეგებს, დამატებითი არგუმენტების და ახსნა-განმარტებისთვის ხომ არ ხედავდნენ კიდევ ვინმეს, მოსმენის საჭიროებას, თუნდაც ნიკანორ მელიას უფლებადამცველთა მხრიდან. რისი სურვილიც არავის გამოუთქვამს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მომხსენებელთან კიდევ ერთხელ გადაამოწმა, მოცემული მომენტისთვის რაიმე ახალი ინფორმაცია ხომ არ არსებობს ნიკანორ მელიას მხრიდან რაიმე თანხის ტრანზაქციის განხორციელების შესახებ, რაზეც მომხსენებლისგან პასუხი მიიღო, რომ მსგავსი ტრანზაქცია არ განხორციელებულა.
„ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა საფუძვლიანად და ყურადღებით შეგვესწავლა წინადადება, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ წარუდგინა საქართველოს პარლამენტს, მოგვესმინა და მოგვეთხოვა კონკრეტული პასუხების მიღება კონკრეტულ საკითხებზე, რათა ჩვენ უფრო სწორად, სამართლიანად და დასაბუთებულად მივიღოთ გადაწყვეტილება.
ნათელია და სამწუხაროა, რომ კონკრეტულ პირს გადაწყვეტილი აქვს დადგეს კანონზე მაღლა. ამ შემთხვევაში, მიუხედავად ამ უხეში დარღვევისა და მიზანმიმართულად კანონის სივრციდან გასვლის სურვილისა, ჩვენ უფლებამოსილება გვაქვს მივიღოთ გადაწყვეტილება არა ნიკანორ მელიას დაპატიმრების, არამერდ მივცეთ შესაძლებლობა, რომ გენერალურმა პროკურორმა წაიღოს საქმე სასამართლოში და სასამართლოს წინაშე იშუალმდგომლოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა თავისი უზენაესი უფლებამოსილებიდან გამომდინარე მაქსიმუმი გააკეთოს იმისათვის, რომ კანონის აღსრულება და სასამართლო ხელისუფლების განხორციელება იყოს შეუფერხებელი. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ვხედავთ, რომ მთელი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა პროცესუალური ნორმების დაცვით, როგორც ბრალმდებლის მხრიდან, ასევე ბრალდებულის დამცველების მხრიდან და სასამართლო მიყვებოდა კანონმდებლობით დადგენილ წესებს. და ბოლო მომენტში ჩვენ ვხედავთ, რომ ბრალდებულის მხრიდან ხდება კანონმდებლობის უხეშად დარღვევისკენ გადადგმული ნაბიჯები, კეთდება ამ ყველაფრის დამაზიანებელი, სახელმწიფოს დამაზიანებელი, სასამართლო სისტემის დამანგრეველი მოწოდებები, კანონმდებლებს არ გვაქვს უფლება პროკურატურას ვუთხრათ უარი, რომ ეს საკითხი სასამართლოს განხილვის საგნად იქცეს“.
ამის შემდეგ გაიმართა კენჭისყრა და ორივე კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავიდეს განსახილველად. გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.