საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სერგი კაპანაძის განცხადებით, მთავრობის მიერ შედგენილ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე არ მოხვდა. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„სამწუხაროდ, ამ სიაში არ არის შეყვანილი რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე. კერძოდ, არ არიან შეყვანილი რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის, ადგილზე არსებული რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს და ზოგადად, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ეფექტურ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში არიან პასუხისმგებელნი არა მარტო ამ დანაშაულის ჩადენაზე, არამედ დამნაშავეებისთვი ხელის დაფარებაზე.
არცერთი ასეთი ადამიანი ამ სიაში არ მოხვდა. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ გავაგრძელებთ მუშაობას იმ კუთხით, რომ ერთი მხრივ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიც მოხვდნენ ამ სიაში, მეორე მხრივ, ამ სიამ მოიპოვოს მხარდაჭერა ჩვენს პარტნიორებში. ჩვენი ძალისხმევით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნული იქნა მოწოდება ევროკავშირის ქვეყნებისადმი, რომ მათ ამ სიაში მყოფი ადამიანები, ასევე, თავიანთ სანქცირებულ ადამიანთა სიაში შეიყვანონ.
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ განავრცოს ეს სია. შეიყვანოს მასში, კონკრეტულად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სია, რომელიც კონკრეტულ გზავნილს აგზავნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არღვევენ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს, ან შეიძლება მომავალში დაარღვიონ. მათ კარგად უნდა გაიგონ, რომ ამის გამო მათ როგორც პოლიტიკური, ისე კონკრეტული ფასის გადახდა მოუწევთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.