საქართველოს პარლამენტის წევრები შოთა ხაბარელი და კობა კობალაძე, სამგორის რაიონში ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩის გახსნას დაესწრნენ.
ბადრი გზირიშვილი 1993 წელს სოფელ ტამიშში, რუსეთის შეიარაღებული ძალებსა და სეპარატისტების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი კი 2008 წლის აგვისტოს ომში, რუსული ავიაციის მიერ სოფელ ტბეთის ტერიტორიის დაბომბვას შეეწირა.
ქუჩის გახსნის შემდეგ, ამავე ქუჩაზე მდებარე ვახტანგ და ბადრი გზირიშვილების სახელზე აგებულ, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში, დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელი პირები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს წევრები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე, სამგორის რაიონის მაჟორიტარი პარლამენტის წევრობის კანდიდატი სოზარ სუბარი, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების ოჯახის წევრები.