საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის,შოთა ხაბარელის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტში - „ახალი სკოლის მოდელი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის გაძლიერებასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შოთა ხაბარელის ინფორმაციით, ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდების 68 %-ს სქოლიოზი და დაბალი ფიზიკური აქტივობით გამოწვეული დაავადებები აღენიშნება. დეპუტატს მიაჩნია, რომ ეს მაჩვენებელი პირდაპირ კავშირშია სკოლებში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების გაუმართაობასთან.
„ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები სკოლებში თითქმის არ ტარდება ან არაკვალიფიციურად ტარდება. სასწავლო გეგმა, ფაქტიურად, არ არსებობს“, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.
მისი მოსაზრებით, ქვეყანაში ამ მიმართულებით უნდა შეიქმნას ერთიანი სისტემა, რომელიც ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების სასწავლო პროგრამას დაარეგულირებს.
„საჭიროა ყოველთვიურად იყოს გაწერილი პროგრამა, რომლითაც ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი იხელმძღვანელებს“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.
გარდა ამისა, დეპუტატს მიაჩნია, რომ სკოლებში სპორტული კლუბების არსებობა მოზარდების ფიზიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„მოგეხსენებათ, რომ თითოეულ მოსწავლეზე სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილია 500-ლარიანი ვაუჩერი. მინისტრისადმი მიმართულ წერილში აღნიშნულ თანხაზე კიდევ 5%-ის დამატებას ვითხოვ, რომელიც სკოლებში სპორტული კლუბების ჩამოყალიბებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, სპორტული ინვენტარის შეძენას მოხმარდება და სადაც გაერთიანებული იქნებიან მოსწავლეთა თვითმმართველობები, ფიზიკური აღზრდის პედაგოგები, სკოლის დირექტორები და მშობლები“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.