სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, შოთა ხაბარელი 19 სპორტული ორგანიზაციისა და სპორტული სასწავლებლისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის თემას ფიტნეს დარბაზებში შექმნილი ვითარება და მისი მოგვარების გზების ძიება წარმოადგენდა.
საინიციატივო ჯგუფის მხრიდან აღინიშნა, რომ დღეისათვის ფიტნეს კლუბების საქმიანობა რეგულაციების დაცვით არ ხორციელდება, რაც ხშირ შემთხვევებში, სპორტულ დარბაზებში მყოფი პირების ტრავმიანობას იწვევს.
მათივე შეფასებით, ეს ყველაფერი არაკვალიფიციური მწვრთნელების და თვითნასწავლი ინსტრუქტორების საქმიანობის შედეგია, რაც რეაგირებას და პრობლემის აღმოფხვრას საჭიროებს.
საკითხთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წევრს სხვადასხვა წინადადება და მიდგომა გააცნეს, რომლებიც შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრას ითვალისწინებს.
შოთა ხაბარელი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილ საინიციატივო წინადადებას დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ფიტნეს კლუბების გამართული და სწორი მართვა ჯანსაღი ცხოვრების მიმართ მოსახლეობის დაინტერესებას შეუწყობს ხელს.
„საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხი განვიხილეთ. ვფიქრობ, რომ აუცილებელია ჩამოყალიბდეს სწორი მიდგომა და რეგულაციების შემოღება მოხდეს კანონის ფორმით. შესაბამისად, კანონში გაიწერება თუ ვისი უფლებამოსილებით მოხდება ფიტნეს დარბაზების გახსნა და რა რეგულაციები იმოქმედებს იქ. ასევე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს აქტიური ჩართულობით სპორტის უნივერსიტეტში უნდა მომზადდეს კვალიფიციური კადრები, რომლებიც ფიტნეს კლუბებსა და დარბაზებში ვარჯიშის მსურველ ადამიანებს ინდივიდუალური და სწორი მიდგომით ავარჯიშებენ. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში საპარლამენტო კომიტეტის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რათა მსგავს ინიციატივებს დაუდგეთ გვერდში და მხარი დაუჭიროთ მათ რეალიზებას“, - განაცხადა შოთა ხაბარელმა.