სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი შოთა ხაბარელი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა სპორტი და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
სტუდენტებს აინტერესებდათ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული სპორტი, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში.
შეხვედრაზე ტოკიოს 2021 წლის ოლიმპიური თამაშებში და კალათბურთის 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე - „ევრობასკეტი“ ქართველ სპორტსმენთა მონაწილეობაზე ისაუბრეს.
სტუდენტები დეპუტატის სპორტული კარიერითაც დაინტერესდნენ.
ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობის საკითხს და სამომავლო გეგმებს.
შეხვედრაზე შოთა ხაბარელმა ქვეყნის განვითარებაში სპორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მან ხაზგასმით აღნიშნა სპორტულ ღონისძიებებში ახალგაზრდების მონაწილეობის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
„შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. ბევრ საკითხს შევეხეთ. მართალია, სტუდენტები ძირითადად სპორტის საკითხებით დაინტერესდნენ, თუმცა, ბუნებრივია პოლიტიკასაც ვერ ავუარეთ გვერდი. ახალგაზრდები ძალიან კარგად ერკვევიან სპორტში და იმ პრობლემებზე, რომელიც ამ სფეროში არსებობს,“ - განაცხადა შოთა ხაბარელმა.