სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის - „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა“ სამუშაო ჯგუფმა სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებების ზეპირი მოსმენები გამართა.
თემატური მოკვლევის ჯგუფი სამუშაო პროცესში შეისწავლის დაინტერესებული პირების მიერ მომზადებულ წინადადებებს და სათანადო რეკომენდაციებით შესაბამის უწყებებს მიმართავს.
„ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ახალგაზრდების თვითრეალიზაციის თვალსაზრისით. დასაქმება მათთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და ხელისუფლებას გვაქვს პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება მეტი ხელშეწყობა იყოს მათ დასასაქმებლად. აღნიშნულ საკითხზე თემატური მოკვლევა დავიწყეთ გუშინ. ბევრი დაინტერესება იყო ორგანიზაციებისგან, რომელთაც მოგვმართეს საკუთარი მოსაზრებებით. ეს არის თემა, რომელიც მოიცავს მასშტაბურ საკითხებს და საკმაოდ მტკივნეულიცაა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა.
თემატური მოკვლევის ზეპირ მოსმენაზე ახალგაზრდობის სააგენტოს, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის, ფრიდრიხ ებერტის ფონდის, წითელი ჯვრის წარმომადგენლების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მოსმენა გაიმართა, რომლებმაც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე და მიმართულებებზე ისაუბრეს.
თემატური მოკვლევა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ხორციელდება.