საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ თანამშრომლობის საკითხებზე და რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.
მან ახალგაზრდებს რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და „მცოცავი ოკუპაციის“ პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნული თემები დიკუსიის რეჟიმში განიხილა. პარლამენტის წევრმა თავდაცვის მიმართულებით მიმდინარე რეფორმებზე და ნატოს სტანდარტებთან საქართველოს თავსებადობის საკითხებზეც ისაუბრა.
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ახალგაზრდებთან საუბრისას, ყურადღება ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, ნატოს სამშვიდობო მისიებში საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენს სტუდენტებს თავდაცვის საკითხები აინტერესებთ. სწორედ ასეთი ტიპის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და მათ დაინტერესებას. მათ ვურჩიე ესტუმრონ სამხედრო ბაზებს, რათა ადგილზე ნახონ თუ რა პირობებში უწევთ ჩვენს სამხედროებს სამსახურის გავლა. შეხვედრაზე საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე საინტერესო დისკუსია გავმართეთ და რეგიონის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის ყარაბაღის კონფლიქტი და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული დაძაბულობის საკითხები მიმოვიხილეთ“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.
შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც კოვიდ პანდემიის პერიოდში თავდაცვის ძალების მნიშვნელობას და უსაფრთხოების პროცესებში მათ ჩართულობას და ვეტერან სამხედრო მოსამსახურეების საკითხებს შეეხებოდა.