შეხვედრაზე მხარეებმა კომიტეტსა და საელჩოს შორის თანამშრომლობის მიმართულებები და პერსპექტივები განიხილეს. გერმანელმა დიპლომატმა დეპუტატებს იმ პროგრამებზე და პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა, რომლებიც გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, განათლებისა და კულტურის მიმართულებით საქართველოში ხორციელდება.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის საკითხებსაც შეეხო, რომლებიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე მე-19 საუკუნიდან არსებობს. აღინიშნა, რომ გერმანული კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას საქართველოს და გერმანიის მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
გერმანელ დიპლომატთან შეხვედრისას საქართველოში გერმანული ენის სწავლის საკითხებიც განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული საზოგადოებრივი ცენტრები და მისი ინფრასტრუქტურა, შესაძლოა გამოყენებული იქნეს გერმანული ენის შესწავლის მიზნითაც. ჰუბერტ ქნირში აღნიშნულ ინიციატივას მიესალმა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.