საქართველოს პარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეშვიდე სხდომა გაიხსნა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, თამარ ხულორდავას და საჯად კარიმის ხელმძღვანელობით.
„ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს ძალიან შორსმიმავალი გეგმები, ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი ურთიერთობები ევროპარლამენტთან. ამ კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია ის როლი, რომელსაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ასრულებს. კომიტეტი, როგორც მუდმივმოქმედი ორგანო ზედამხედველობს ასოცირების შეთანხმების განხორციელებას, ისმენს ანგარიშებს, მუდმივად აკეთებს შეფასებებს და ეს შეფასებები ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ უფრო ფოკუსირებულად წავმართოთ ჩვენი მუშაობა და წინ წავიყვანოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები“, - აღნიშნა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ნათელია და ეს არის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია.
„ეს მიზანი უკვე საქართველოს კონსტიტუციით არის გამყარებული. კონსტიტუციური ვალდებულებაა ინსტიტუტებმა ყველაფერი გააკეთონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. გასავლელი გზა ძალიან დიდია და ჩვენ ამას უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარ კოლეგებს საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ აქტიური მხარდაჭერისთვის.
მან ასევე მადლიერება გამოხატა ევროპარლამენტის მიერ რუსეთის თავდასხმიდან 10 წლის შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის მიღების გამო.
„ეს იყო უდიდესი მხარდაჭერის გამოხატულების აქტი, პოლიტიკური სპექტრი, ევროპარლამენტის უდიდესი ნაწილი იყო ამ რეზოლუციის მომხრე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას თამარ ხულორდავამ ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესზე.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში პარლამენტის როლზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და ცვლილებებზე.
„ასოცირების შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისკენ არის მიმართული და ეს ურთიერთობა ახალ დონეზე უნდა გადავიდეს. საქართველო ატარებს წარმატებულ რეფორმებს, სასამართლო სისტემაში და კორუფციასთან ბრძოლაში. ამ თვალსაზრისით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია. ჩვენ სრულად ვიზიარებთ და მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივას კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით. არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ქართული მხარე აბსოლუტურად პრაგმატულ და კონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებს“, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ საჯად კარიმმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.
სხდომაზე, ევროკავშირი-საქართველოს შორის მიმდინარე ურთიერთობებზე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა ისაუბრა.
„მე, როგორც ევროკავშირის ახალი ელჩი აქ სამუშაოდ დიდი ენთუზიაზმით ჩამოვედი, რათა მაქსიმალურად გავაღრმაოთ ურთიერთობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. საქართველო არის ევროკავშირის მთავარი პარტნიორი რეგიონში. ჩვენი ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთ მაღალ დონეზე, როგორც დღესაა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ეკონომიკურ მხარდაჭერას. მხარს ვუჭერთ საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ვაგრძელებთ არაღიარების პოლიტიკას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან მიმართებაში“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა.
სხდომაზე, თავისუფალი უვიზო რეჟიმის განხორციელებაზე და ამ პროცესში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ისაუბრეს.
„საქართველოსთვის ვიზის ლიბერალიზაცია არ არის ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ გადაადგილების მხოლოდ ტექნიკური შესაძლებლობა. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული გზის მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა დიდი სიფრთხილით ეკიდება ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ წარმოიქმნა.
„ვიზალიბერალიზაცია და ასოცირების შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენ ყურადღებით და სიფრთხილით ვეკიდებით ყველა იმ პრობლემას, რომელიც ვიზის ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ წარმოიქმნა და ძალისხმევას არ ვიშურებთ მათ აღმოსაფხვრელად. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ინტერპოლთან. ჩვენ გვსურს ნაყოფიერი თანამშრომლობა ევროპულ პოლიციასთან და მოხარულნი ვართ, რომ ევროპის საპოლიციო ოჯახს ვუერთდებით“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე, პარლამენტის ინსტიტუციის გაძლიერებაზე, გენდერულ თანასწორობაზე და გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ისაუბრა.
მან ყურადღება გაამახვილა პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე, რომელსაც კანონმდებლები მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
„ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს პარლამენტის თითოეულ წევრს სათანადოდ განახორციელონ საპარლამენტო ზედამხედველობა. ეს დოკუმენტი, რომელიც მხარდაჭერილია პარტნიორი ორგანიზაციების მიერ როგორც პარლამენტის წევრის, ასევე კომიტეტის უფლებამოსილებას აძლიერებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისი თქმით, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერება არის უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.
პირველმა ვიცესპიკერმა ქვეყანაში განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა.
„ეს არის დემოკრატიული პროცესებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მან გამოსვლისას ასევე, ყურადღება გაამახვილა გენდერულ თანამშრომლობაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობაზე და მის მიერ მიღწეულ წარმატებებზე.
თამარ ჩუგოშვილმა ასევე ისაუბრა პარლამენტის მიერ ქალებისთვის როგორც ეკონომიკური ძალაუფლების, ასევე პოლიტიკური ძალაუფლების მინიჭების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.
როგორც პირველმა ვიცესპიკერმა ღია მმართველობის პარტნიორობაზე (OGP) საუბრისას აღნიშნა, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიდერი ქვეყანა ღია და გამჭვირვალე პარტნიორობის წევრ ქვეყანებს შორის.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გამოსვლისას იმ აქტივობებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მუშაობს. მისი თქმით ეს არის ოჯახური დანაშაული, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ შრომის უფლებებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან დამსწრე საზოგადოებას შრომის უსაფრთოხების შესახებ ახალ კანონი გააცნო და მისი აღსრულების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსმა ეკატერინე ქარდავამ საჯარო რეფორმის იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე და ანტიკორუფციული პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით ბიუროს მხარდაჭერაზე ისაუბრა.
სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.
სხდომაზე დისკუსია გაიმართა, სადაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხეს.
სხდომა მუშაობას ხვალ დაასრულებს. ორდღიანი მუშაობის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი კენჭს უჭრის ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს, რის შემდეგაც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.