ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტის ხელმძღვანელობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში, ხოლო მთავრობამ პარლამენტში საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინოს.
„დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტი განსაკუთრებული დატვირთვით უნდა მუშაობდეს, როდესაც პარლამენტში უნდა იხილებოდეს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდნილი ასობით ათასი ჩვენი მოქალაქისათვის მხარდაჭერის გეგმა - პარლამენტი, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით შვებულებაშია გასული.
საგანგებო მდგომარეობამ ქვეყნის წინაშე წარმოშვა უამრავი პრობლემა. შეჩერებულია კონსტიტუციის მრავალი ნორმა და მათ შორის ისეთი, რომელიც პირდაპირ იცავს ადამიანის უფლებებს. ქვეყანაში ირღვევა ადამიანის უფლებები და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა შექმნა უამრავი პრობლემა, მათ შორის, ელემენტარული არსებობის უფლება ჩამოერთვა ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს, რომელიც დარჩა უმუშევარი და რომელიც დარჩა გამოკეტილი საქართველოს ქალაქებში.
დღეს, პარლამენტის განსაკუთრებული ვალია განახორციელოს თავისი მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები აღმასრულებელ ხელისუფლებაზე - იმ ხელისუფლებაზე, რომელსაც დღეს რეალური გეგმაც კი არა აქვს წარმოდგენილი როდის დაიწყებს პირდაპირი სოციალური დახმარებების გაცემას. ევროპის ყველა სახელმწიფომ, ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა დიდი ხანია რაც ამ უმძიმესი კრიზისის პირობებში საკუთარ მოქალაქეებს გაუწიეს ფინანსური და სხვა სახის მხარდაჭერა. დღეს, საქართველოს მთავრობა მექანიზმებზე ფიქრობს და არავინ იცის, თუ როდის დაიწყება ის მწირი და უსამართლოდ გაწერილი დახმარებების დარიგება, რომელსაც ასე ელოდება ხალხი.
საქართველოს მთავრობამ 600 ათასი ჩვენი მოქალაქე, რომელსაც თვითდასაქმებულებს უწოდებენ, გაწირა შიმშილისთვის. ამიტომ, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც დღემდე არ წარმოუდგენია მთავრობას. მთავრობა აპირებს რამდენიმე მილიარდის დახარჯავს ისე, რომ არაფერს ეკითხება ხალხს. ვინაიდან პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენელი, პარლამენტის ნებართვით უნდა იყოს გაწეული ნებისმიერი ხარჯი და ნებისმიერი თეთრი უნდა იყოს აყვანილი კონტროლზე.
მოვუწოდეთ საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას დაუყოვნებლივ დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში, დაუყონებლივ დაიწყოს კომიტეტებმა მუშაობა და პარლამენტის სესიის პლენარულმა სხდომამ. დღეს ეს სავსებით შესაძლებელია იმ ნორმების დაცვით, რომელსაც ითვალისწინებს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის წესები - დისტანციის დაცვით პარლამენტი უნდა შეუდგეს საკუთარი უფლებამოსილების აღსრულებას, ხოლო მთავრობამ კეთილი ინებოს და დროზე წარმოადგინოს პარლამენტში საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი ის დახმარება და ის ზომები, რომელიც აუცილებელია დღეს ბიზნესის გადასარჩენად და თითოეული ჩვენი მოქალაქის უკიდურესი სიღარიბიდან გამოსაყვანად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.