პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ ინიციატივით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაზე სტუდენტური პარლამენტის წევრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის ასპექტებზე საკუთარი მოხსენებები წარმოადგინეს. მათი გამოსვლები შეეხებოდა ქართული საზოგადოების მდგომარეობას დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეებთან, საქართველოს პარლამენტის ისტორიას, დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობას, იმ პერიოდის საქართველოს სამხედრო პოლიტიკას და კონფლიქტებს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკურ შეცდომებს და დამოუკიდებლობის დაკარგვის მიზეზებს, ჩვენი ისტორიის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ თავმჯდომარე,სიმონ ნოზაძე კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და თქვა, რომ კონფერენციის მიზანია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოკლე, მაგრამ რთული მონაკვეთის გაანალიზება, დამოუკიდებლობის მოპოვების სამწლიანი პერიოდის მიმოხილვა, მისი დაკარგვის მიზეზები და მასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები.
„ჩემი მიზანია, რომ თანამედროვე თაობა, რომელიც ერთობ „ორიენტირებულია“ თანამედროვე, დასავლურ, პროგრესულ ღირებულებებზე, მან უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია, რომ სწორი დასკვნები გააკეთოს. შეცდომები, რომელიც საქართველომ თავისი 3 ათასხუთასწლიანი ისტორიის მანძილზე დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს. ახალგაზრა თაობებმა უნდა იცოდნენ ისტორიის პარადიგმები, რომ შემდგომში ის მაგალითად გამოადგეთ“, - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი; მეცნიერი ისტორიკოსები, პროფესორები: სვიმონ მასხარაშვილი, მანანა შეყილაძე, შოთა დოღონაძე, მარიამ ცაცანაშვილი და თათია დოლიძე.