საქართველო, როგორც „დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის“ ორგანიზაციის (სუამ-ი) თავმჯდომარე ქვეყანა სასტუმრო "რედისონ ბლუ ბათუმში“ მასპინძლობს სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას: „სუამ-ისა და ბალტიის ქვეყნები – პარტნიორები უსაფრთხო და წარმატებული რეგიონისათვის“. ორი დღის განმავლობაში განხილული იქნება რეგიონთაშორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ: საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, მოლდოვას, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის წარმომადგენლები, ასევე თურქულენოვანი ქვეყნების საპარლამენტი ასამბლეისა და პოლონეთის პარლამენტის წევრები. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის კონფერენციაზე წარმოადგენენ: დელეგაციის ხელმძღვანელი ზურაბ აბაშიძე (ფრაქცია „ქართული ოცნება); დავით საყვარელიძე (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) და დავითი ბეჟუაშვილი (ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).
კონფერენცია სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ გახსნა. მან ისაუბრა საქართველოს, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელიც სუამ-ის და ბალტიის ასამბლეის თანამშრომლობას რეგიონის ქვეყნებისთვის მოაქვს. მისი თქმით, მსგავსი კონფერენციები ხელს უწყობს სუამ-ის სახელმწიფოების მეტ დაახლოვებას ევროპულ სტრუქტურებთან, სახელმწიფოებთან, რეგიონთან და ასევე რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას. "ჩვენი კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სუამ-ის ქვეყნების მეტ დაახლოევებას ევროკავშირთან. დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია ბალტიისპირელი მეგობრების მხარდაჭერა ამ პროცესში. საერთაშორისო ურთიერთობების ასპარეზი იცვლება და ჩნდება ახალი შესაძლებლობები. ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვავთ თანამშრომლობის გაღრმავებისთვის“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მხარს უჭერს კონფლიქტებს მშვიდობიან გადაწყვეტას საერთაშორისო კანონმდებლობისა და სამართლის საფუძველზე.
ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ბალტიის ასამბლეის პრეზიდენტმა, რაიმონდ ვეიონისმა; სუამ-ის გენერალურმა მდივანმა, ვალერი ჩეჩელაშვილი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სუამ-ის ეროვნულმა კოორდინატორმა, დავით ჯალაღანიამ; სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელტონ მამადოვმა; მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სუამი-ს საპარლამენტო ასამბლეაში, მოლდოვის რესპუბლიკის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ოლეგ ბოდრუგმა და სუამი-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსტამ რაუპოვმა.
დღეს, კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა ოთხი სესია თემებზე: პროაქტიული და ინტელექტუალური მიდგომა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისადმი; ენერგო თანამშრომლობა; ინვესტირება რეგიონის წარმატებაში და თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სფეროში. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დებატები და კონსულტაციები.
კონფრენციის მიმდინარეობისას ბათუმის იუსტიციის სახლის წარმომადგენელებმა გამართეს პრეზენტაცია და სტუმრებს იუსტიციის სახლში დანერგილი სერვისები გააცნეს.
სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეისა და ბალტიის ასამბლეის ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია: „სუამ-ისა და ბალტიის ქვეყნები – პარტნიორები უსაფრთხო და წარმატებული რეგიონისათვის“ მუშაობას ხვალ დაასრულებს.