პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნინო გოგუაძე საქართველოში ჩეხეთის ახლად დანიშნულ ელჩს, პეტრ მიკისკას შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ქვეყნის საშინაო და საგარეო საკითხებს შეეხებოდა.
შეხვედრაზე ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩეხეთი საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია ყველა მიმართულებით, როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ნატოში ინტეგრაციის საკითხებში და შესაბამისად ბევრ პროექტს უჭერს მხარს, იმისთვის, რომ ეს პროცესები საქართველოში სწრაფად განხორციელდეს.
მხარეებმა ისაუბრეს როგორი შეიძლება იყოს ორი ქვეყნის პარლამენტების მეგობრობის ჯგუფებს შიორის ურთიერთობა და რა მიმართულებით შეიძლება ამ ურთიერთობების გაღრმავება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა განათლების სფეროში ჩეხეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სტუდენტების ინფორმირება საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე, რომელსაც ჩეხეთი სთავაზობს მათ.
საუბარი შეეხო ასევე რეგიონული განვითარების საკითხებს, რამდენადაც ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უკვე ახორციელებს გარკვეულ პროექტებს და ახლა მუშაობენ ახალ პროექტებზე რეგიონული განვითარებისთვის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ნინო გოგუაძემ და ჩეხეთის ელჩმა ისაუბრეს, დეზინფორმაციის გავრცელებისა და პროპაგანდის საკითხებს შეეხებოდა. რამდენადაც ეს გამოწვევა ორივე ქვეყნის წინაშე დგას, ისაუბრეს იმ მეთოდებზე, როგორ შეიძლება ურთიერთთანამშრომლობით ამ პრობლემის მიმართ ეფექტური ბრძოლა.