საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავასა და მამუკა მდინარაძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.
კახაბერ კუჭავას განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში მეტი ყურადღება დაეთმოს ახალი ტექნოლოგიებით წარმოებულ ელექტრო ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებებს - მოტოციკლების (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლების და ა.შ. ექსპლუატაციის წახალისებას. მათ გააჩნიათ მთელი რიგი უპირატესობები საწვავზე მომუშავე ძრავიან სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, მათ შორის, განსაკუთრებით გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების კუთხით.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მთავრობები მოტივირებულები არიან გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებით, ხოლო ბენზინის საწვავის გამოყენების შესამცირებლად ისინი ხელს უწყობენ ელექტრომობილებისა და ელექტროძრავაზე მომუშავე სხვა სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის გაზრდას და ამ მიზნის მისაღწევად იყენებენ პირდაპირ სუბსიდირებას და ფისკალურ შეღავათებს. ამ საკანონმდებლო ცვლილების მიზანია მწვანე ეკონომიკური ზრდის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს დადებული ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
სხდომის წამყვანის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი დადებითად შეფასდა როგორც ოპოზიციის, ასევე უმრავლესობის წევრების მხრიდან და პირველი და მეორე მოსმენებისას კანონპროექტის მიმართ შენიშვნებიც არავის ჰქონდა. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.