ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე ორგანიზაცია „თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვების“ წარმომადგენელს, „ბლუმბერგის ფონდის“ თამბაქოს კონტროლის პროგრამების ევრაზიის რეგიონის კოორდინატორს, ოლგა კნორეს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში აკაკი ზოიძემ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონმდებლობის შემუშავებაში და შემდგომ მისი აღსრულების ნაწილში ფონდის და ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარებისთვის, სტუმარს მადლობა გადაუხადა.
„შეხვედრაზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის იმპლემენტაციის საკითხებთან ერთად, ელექტრონული სიგარეტსა და გახურებად თამბაქოს პროდუქტებთან სამეცნიერო კვლევების და ანალიზის შედეგებზე ვიმსჯელეთ. განვიხილეთ ბოლო შედეგები თუ რა ზიანი მოაქვს აღნიშნულ პროდუქტებს და რეგულირების როგორი მექანიზმები შეიძლება არსებობდეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ კანონმდებლობაში წინასწარ ჩავდეთ ასეთი სტანდარტები, რომლებიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შედეგად მომზადდა და შეესაბამება თანამედროვე მიდგომებს, მაგრამ ამასთან ერთად, მომავალში შესაბამის რეკომენდაციებზეც უნდა ვიმსჯელოთ, რომლებიც თამბაქოსთან დაკავშირებულ ევროპის დირექტივებში და მსოფლიო თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციაში შევა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„ბლუმბერგის ფონდი“ თამბაქოს კონტროლის პროგრამების განმახორციელებელ ერთ-ერთ მძლავრ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც მსოფლიოს 80 ქვეყანაში ოპერირებს. იგი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს ხელისუფლებას თამბაქოს ეპიდემიის დასაძლევად, რაც მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების დაცვას ემსახურება. საკანონმდებლო რეფორმის განხორციელების პერიოდში, ამ ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, ქვეყანას ესტუმრა არაერთი საკმაოდ ავტორიტეტული ექსპერტი, რომელთა რეკომენდაციები გახლდათ უმნიშვნელოვანესი, რათა საკანონმდებლო რეფორმა აღიარებული ყოფილიყო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და იგი მოიხსენიება ყველაზე ეფექტიანი ახალი გენერაციის კანონების მქონე ქვეყანათა შორის.