საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

დავით ბაქრაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

07 მარტი 2017
დავით ბაქრაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ინფორმაცია, ძირითადად, მიმდინარე მოვლენებზე გაცვალეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძემ განაცხადა, ძირითადი ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს დაეთმო. 

„ელჩს აინტერესებდა დეტალური ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ ვაფასებთ ამ პროცესს და რა იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა მომავალში „რუსთავი 2-თან“ და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე დაეთმო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას და ზოგადად, პარლამენტში მიმდინარე პროცესებს.

„ბუნებრივია, საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციას და იმას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე, უკვე ვიზალიბერალიზაციის შემდეგ. ასევე ვისაუბრეთ ოკუპირებულ რეგიონებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ რეგიონებთან მიმართებაში და როგორ შეიძლება საქართველოს დღევანდელი სტატუსი და ვიზალიბერალიზაცია გამოყენებულ იქნეს დადებითად ამ რეგიონების ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.