პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის კონსულტაციების მიმდინარეობა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიმართულებები მიმოიხილეს.
„ევროპელ დიპლომატთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. ყურადღება გამახვილდა მომდევნო 6 თვის დღის წესრიგზე, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას უკავშირდება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან თბილისში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ, რომელიც ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის ერთ-ერთ მკაფიო გზავნილს წარმოადგენს. რაც შეეხება ქვეყნაში მიმდინარე პროცესებს, შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის წარმოებულ დიალოგზე ვისაუბრეთ, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობას უკავშირდება“, - განაცხადა კახაბერ კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.