საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან კობერიძე და ჯგუფის წევრები იაპონიის ქალაქ კოშუს მეღვინეობის გაერთიანების წევრებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და კულტურულ, ეკონომიკურ და ბიზნესის მიმართულებების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველოსა და იაპონიას შორის მიუხედავად ტერიტორიული სიშორისა, ტრადიციების დაცვის თვალსაზრისით ორ ქვეყანას ბევრი მსგავსება არსებობს და საქართველო დაინტერესებულია უკეთ გაეცნოს იაპონიის გამოცდილებას, თავის მხრივ კი, ჩვენი ქვეყანა მზადაა იაპონიას ღვინის წარმოების ტექნოლოგიებზე ინფორმაცია გაუზიაროს.
„საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი აქტიურად არის ჩართული ორი ქვეყნის ურთიერთობების გამყარებაში და სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურის დონეზე ქვეყნების თანამშრომლობას უწყობს ხელს. იაპონელი მეღვინეების სტუმრობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ადგილზე გაეცნობიან ქართული ღვინის დამზადების ტრადიციების მეთოდებს, რომლებსაც შემდგომ იაპონიის ბიზნეს წრეებს გააცნობენ, ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული ღვინის რეალიზაციას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დადებითი დინამიკით ხასიათდება. მნიშვნელოვანია ასევე, რომ 2019 წლის გაზაფხულს, ტოკიოში „საქართველო ღვინის აკვანის“ სახელით, ღვინის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება, რომელიც ქართული პროდუქციის იმპორტს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან კობერიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
იაპონელ მეღვინეებთან გამართულ შეხვედრას ოთარ დანელია, შოთა ხაბარელი, დავით სონღულაშვილი, გიორგი მოსიძე და გელა სამხარაული დაესწრნენ.