საქართველო-იაპონიის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო იაპონიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ლევან კობერიძის და კომპანია „ჰიტაჩის“ ვიცე-პრეზიდენტის, იასუო ტანაბეს შეხვედრა.
პარლამენტის წევრმა იაპონელ სტუმარს საქართველოში ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებული ვითარება და ის სიახლეები გააცნო, რომლებიც სახელმწიფოში ამ კუთხით იგეგმება.
შეხვედრაზე იასუო ტანაბემ აღნიშნა, რომ კომპანია „ჰიტაჩის“ წარმოებული პროდუქციის ერთ-ერთ ხაზი სამედიცინო დანიშნულების აპარატურა-დანადგარებია და ამიტომ კომპანიის მენეჯმენტის ინტერესის სფეროს, სწორედ ჯანდაცვის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის ასპექტების გამოკვეთა წარმოადგენს.
შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებიც მიმოიხილეს.
„კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი სოციალური ინოვაციებია და ეს ის მიმართულებაა, რაც საქართველოსთვის, როგორც პროგრესისკენ მიმავალი ქვეყნისთვის, საინტერესოა. შეხვედრაზე რამდენიმე კონკრეტულ პროექტზე შევთანხმდით, რომლებზეც უახლოეს მომავალში გავაგრძელებთ მსჯელობას“, - განაცხადა ლევან კობერიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.