საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გუგული მაღრაძე შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ვირჯინიის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაციას.
დელეგაცია წარმოდგენილი იყო ვირჯინიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის პროფესორ ვან გროუდის, ვირჯინიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პრეზიდენტის დოქტორ ენდი მიულენარისა და ვირჯინიის უნივერსიტეტის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის ჯოშუა ანდერსენის შემადგენლობით.
შეხვედრაში მონაწილეობდა აშშ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს ფონდის დირექტორი მაგდა მაღრაძე. ვიზიტი მოამზადა საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა.
ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანია საქართველოს სამთავრობო წრეებსა და განათლების მუშაკებთან ერთად განიხილონ საქართველო-აშშ პარტნიორობის შესაძლებლობები საქართველოში ჯანდაცვის მიმართულებით განათლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე დელეგაციის ამოცანაა გაეცნოს საქართველოში ჯანდაცვის სექტორს და ჯანდაცვის დარგში განათლების მდგომარეობას.
მარიამ ჯაშმა სტუმრებს გააცნო ჯანდაცვის სფეროს განათლებაში არსებული ვითარება. მან აღნიშნა რომ საქართველოში ფუნქციონირებს რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი, რომლებიც კარგ თეორიულ ბაზას აძლევენ როგორც ქართველ, ისე სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებს. ძირითადი მასა უცხოელი სტუდენტებისა არიან აზიის და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან.
საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი უნივერსიტეტი, რომელიც უკვე 30 წელია ამზადებს კადრებს ჯანდაცვის სისტემისთვის. ჯანდაცვის სფეროში განათლების მხრივ ბევრი გამოწვევაა სამედიცინო პროფილის უმაღლესი სასწავლებლების წინაშე. უპირველესად ის, რომ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ კარგი თეორიული განათლება, მაგრამ ნაკლებად ხელმისაწვდომია თანამედროვე მედიცინაში საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება როგორც კლინიკების ნაკლებობის გამო, ისე იმ შედარებით ძველი მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, რაც უმეტესად გავრცელებულია სამედიცინო განათლების სფეროში საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. ეს ბარიერი გადასალახია და აქ ძირითადი როლი უნდა ითამაშოს მჭიდრო თანამშრომლობამ საქართველოს და მოწინავე დასავლეთის ქვეყნების სამედიცინო კერებთან, უპირველესად ძალიან სასარგებლოა აშშ-ში არსებული წარმატებული პრაქტიკის დანერგვა ქართულ სამედიცინო განათლებაში.
გუგული მაღრაძემ სტუმრებს გააცნო საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება, ხაზი გაუსვა რომ საყოველთაო ჯანდაცვამ ბევრი რამ გააუმჯობესა ქვეყნის მოსახლეობისთვის ჯანდაცვისადმი ფინასური თუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მხრივ, მაგრამ ახლა დღის წესრიგშია სამედიცინო მომსახურეობის ხარისხის ამაღლება და ხარისხის ერთგვარობა ქვეყნის დედაქალაქსა და რეგიონებს შორის. ამის მისაღწევად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლებას, რისთვისაც სასიკეთო ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას დღევანდელი ვიზიტის შემდეგ.
სტუმრებმა გამოთქვეს კმაყოფილება ვიზიტის ოპტიმალურად დაგეგმვის გამო, რომ მათ შესაძლებლობა აქვთ შეხვდნენ როგორც სამთავრობო წრეების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ისე სამედიცინო განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს.