საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

რევაზ არველაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 18 ოქტომბერი 2017
რევაზ არველაძე პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ რევაზ არველაძემ დღეს პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა.

დეპუტატმა სტაჟიორებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სტრუქტურა და საქმიანობა გააცნო. ამის შემდეგ საუბარი, ძირითადად, ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დარგს - ენერგეტიკას დაეთმო. რევაზ არველაძემ ახალგაზრდებს განუმარტა რა ენერგეტიკის არსი და ესაუბრა ენერგეტიკულ სისტემაზე, მის შემადგენელ ნაწილებზე, როგორიცაა წარმოება, გადაცემა, მოხმარება და ა. შ., ამასთანავე ყურადღება დაუთმო იმ საკითხებს, თუ როგორ რეგულირდება ეს სფერო, როგორია ამ მიმართულებით კანონმდებლობა და რას ითვალისწინებს ის. 

რევაზ არველაძემ სტაჟიორთა კითხვებსაც უპასუხა. ახალგაზრდები დაინტერესდნენ ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალით, საქართველოს სატრანზიტო როლით ენერგეტიკის სფეროში და ა.შ. და კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

სტაჟირება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მრავალი წელია მიმდინარეობს და ამ პროცესს ახალგაზრდები პარლამენტის აპარატის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში გადიან. ისინი აქტიურად არიან ჩართული როგორც კომიტეტების, ისე დეპარტამენტების ყოველდღიურ საქმიანობაში. სტაჟირების პროცესი პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებთან, მათ მოადგილეებთან თუ პარლამენტის ცალკეულ წევრებთან შეხვედრებსაც ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტის აპარატის საკადრო საკითხთა დეპატამენტი უზრუნველყოფს.