ენერგეტიკის სფეროში ახალი ტექნოლოგიებისა და ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ ისაუბრეს დღეს გამართულ შეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რევაზ არველაძემ და ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ლინა სებაიტიენმა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო და ლიეტუვა ერთნაირი ენერგეტიკული პრობლემების წინაშე დადგნენ. სტუმარმა იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რაც ლიეტუვამ ამ სირთულეების აღმოსაფხვრელად გაატარა, პროექტებზე, რომლებიც ენერგეტიკის სფეროს გადასარჩენად განახორციელა და დღეს ლიეტუვა თავის გამოცდილებას საქართველოს უზიარებს.
ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო ის, რომ მათ დევნილებით ჩასახლებულ ერთ-ერთ უბანში მზის პანელები დაამონტაჟეს. ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების შესახებაც ისაუბრეს შეხვედრაზე. შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას მუდმივად ექნება პარტნიორული კავშირი ენერგეტიკის სფეროში.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართელოში ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი გიედრიუს პუოჯუნასი და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე შარუნ კუბილუტე.