საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე ევროპარლამენტის წევრებს შეხვდა, რომლებიც ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე - „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ დასასწრებად იმყოფებიან.
კატი პირთან, ედუარდ კუკანთან, რებეკა ჰარმსთან, არნე ლიეცსა და ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარესთან კლერ მუდისთან გამართული შეხვედრის თემა ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენები იყო.
საუბარი ასევე შეეხო საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და საპარლამენტო უმცირესობის მოსაზრებებს ამ მიმართულებით. შეხვედრაზე მხარეებმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომავალი საფრთხეებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„საუბარი გვქონდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, საკონსტიტუციო რეფორმებზე და საპარლამენტო უმცირესობამ გააცნო თავიანთი მოსაზრებები განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია კონსენსუსი შედგეს საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ეს პოლიტიკური ჩიხი იყოს დაძლეული. საუბარი ასევე შეეხო რუსეთის მიერ გადაგმულ ნაბიჯებს ოკუპაციის კუთხით, ადმინისტრაციული საზღვრის გადმოწევას და იმ გამოწვევებს, რომელსაც რუსეთი უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სერგი კაპანაძემ.
შეხვედრას საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი ესწრებოდა.